ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNBC-სთან ინტერვიუში არ უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რთული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ჩვენი საუბრების დეტალებში არ შევალ. ათასობით, ბევრი გვქონდა. თუ ფიქრობთ, რომ ეს კრიზისია, სხვა საუბრები უნდა მოისმინოთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ის და ტრამპი თანხმდებიან „ძირითად საკითხებზე“, მათ შორის ირანის მიერ ისრაელის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის საფრთხის შექმნის თავიდან აცილების აუცილებლობაზე.

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები. ზოგჯერ, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება, გვაქვს ტაქტიკური უთანხმოებები. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გზას მათ გადასაჭრელად. ამას ვაკეთებთ როგორც კარგი მეგობრები. დილით შეიძლება, უთანხმოება გვქონდეს, შუადღისთვის კი ერთად ვმოქმედებთ. ის პატივს მცემს მე, მე პატივს ვცემ მას. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გზას ჩვენი უთანხმოებების გადასაჭრელად“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.