კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში ომის დამთავრება "დღის ბოლომდე" შეიძლება, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარებს "რუსეთის ტერიტორიიდან" უკან დახევას უბრძანებს.

"რაც შეეხება ზელენსკისა და წლის ბოლომდე ომის დამთავრებას, შესაძლებელია, რომ ომი დღის ბოლომდე დამთავრდეს, როგორც ეს ბევრჯერ გვითქვამს," განაცხადა პესკოვმა ბრიფინგზე და დაამატა, რომ "ამის მისაღწევად ზელენსკიმ თავის შეიარაღებულ ძალებს რუსული ტერიტორიიდან უკან დახევა უნდა უბრძანოს". 

ცნობისთვის, პესკოვი "რუსულ ტერიტორიებში" მოიაზრებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს, რომლებსაც რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსეთის პრეტენზიებს არ აღიარებენ და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს რეგიონები კვლავ უკრაინის შემადგენელ ნაწილად რჩება.