Axios ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ 1-ელ ივნისს გამართული სატელეფონო ზარის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უყვირა და მას ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმება მოსთხოვა.
მანამდე ირანი ლიბანში ისრაელის საბრძოლო მოქმედებების გამო აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტით დაიმუქრა. Axios-ის ორი წყაროს მიხედვით, ამ მუქარის შემდეგ გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ნეთანიაჰუს "გიჟი" უწოდა და მას უმადურობაში დასდო ბრალი.
ერთ-ერთ ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ლიბანის დედაქალაქის დაბომბვის მუქარის სისრულეში მოყვანა მსოფლიოში ისრაელის უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევდა.
გამოცემასთან საუბრისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ნეთანიაჰუსადმი ტრამპის სიტყვები შემდეგნაირად შეაჯამა: "შენ გიჟი ხარ. მე რომ არა ციხეში იქნებოდი. მე შენ გიცავ. ახლა ყველას სძულხარ. ამის გამო ისრაელი ყველას სძულს."
ზარის შესახებ ინფორმირებულმა მეორე წყარომ აღნიშნა, რომ ტრამპი "გაბრაზებული" იყო და ერთ მომენტში ნეთანიაჰუს დაუყვირა კიდეც: "რა ჯანდაბას აკეთებ?" – უთხრა ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრს წყაროს მიხედვით.
როგორც Axios წერს, აშშ-ს მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა იცოდა, რომ ჰეზბოლა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს განაგრძობდა და რომ ისრაელს თავის დაცვა ესაჭიროებოდა, თუმცა, წყაროს ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის აზრით, ბოლო დღეებში ნეთანიაჰუმ არაპროპორციულად დაიწყო ვითარების ესკალაცია.
1-ელ ივნისს ნეთანიაჰუსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის პრემიერთან "პროდუქტიული საუბარი" ჰქონდა, რის ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისრაელის "სამხედროები ბეირუთში არ შევლენ" და ამ მიმართულებით მიმავალი ჯარისკაცები "უკვე უკან გაბრუნდნენ". ამავე ტექსტში ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან კარგი ზარი" ჰქონდა ჰეზბოლასთანაც და დაამატა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის "სროლა შეწყდებოდა".








