ინტერვიუ, რომელიც მსოფლიოში წამყვან თურქ  ქირურგთან, მამოლოგ ქემალ რაშასთან ჩავწერე, გარდა მკერდის სიმსივნის გარშემო არსებული გამოწვევებისა, ექიმსა და პაციენტს შორის ადამიანურ ურთიერთობებზეცაა, იმაზე - როგორი უნდა იყოს ნამდვილი ექიმი, რომელსაც ჰიპოკრატეს ფიცი ადამიანების სიყვარულით აქვს დადებული. 

მართალია, დღეს ძალიან ხშირად გაიგებთ ფრაზას იმის შესახებ, რომ "მკერდის კიბო განაჩენი არ არის", მაგრამ რეალურად, პრაქტიკაში, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების დიდი ნაწილისთვის, დღემდე მთავარ გამოწვევად რჩება დროული სქრინინგი. არადა, სწორედ ამ სახის პრევენციაა ერთადერთი საშუალება, რამაც შესაძლოა, თავიდან აგვაცილოს სიმსივნით გამოწვეული მძიმე, ზოგჯერ კი გამოუსწორებელი შედეგები.

შესაძლებელია თუ არა, მკერდის სიმსივნე გადავიყვანოთ ქრონიკულ დაავადებაში? რა ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ მამოლოგს? რამდენად გვხვდება მკერდის სიმსივნე ბავშვებში  და როდიდან არის საჭირო მათი მიყვანა გამოკვლევებზე?  - ამ და სხვა კითხვებზე "აიპრესს" ესაუბრება  ქემალ რაშა — ცნობილი თურქი ქირურგი, მედიცინის დოქტორი და ძუძუს ქირურგიის მიმართულებით სპეციალიზებული პრაქტიკოსი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება ძუძუს კიბოს ქირურგიაში, თიროიდისა და პარათიროიდის ოპერაციებში, ასევე მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევებში.

ქემალ რაშა ამჟამად მუშაობს თურქეთის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრში — Anadolu Medical Center-ში. ის აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში; იყო Surgical Infection Society – Europe-ის გენერალური მდივანი და პრეზიდენტი. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და გახლავთ საერთაშორისო კონგრესების მოწვეული სპიკერი.

პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო ბატონო ქემალ...მადლობით, რადგან მეც თქვენი ყოფილი პაციენტი ვარ...

პირიქით, მე გიხდით მადლობას იმისთვის, რომ მენდეთ, როგორც ექიმს და მომანდეთ ყველაზე ძვირფასი რამ თქვენთვის, ჯანმღტელობა

ინტერვიუს ჩაწერამდე ყოველთვის ვფიქრობ, რა დავსვა პირველი კითხვად, რათა საუბარი საინტერესოდ დაიწყოს და წარიმართოს... ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირველი კითხვის დასმის საშუალება თავად მომეცით, როდესაც ოპერაციის შემდეგ, თქვენს კლინიკაში, სამი კვირის თავზე, ისე შემხვდით დერეფანში, თითქოს თქვენი ერთადერთი პაციენტი ვიყავი...

ძალიან ბედნიერი ვარ ამას რომ მეუბნებით, რადგან ჩვენი საქმიანობა, რასაც ვემსახურებით,  მექანიკური რამ არ არის. ეს არ არის, როდესაც მანქანის ნაწილს ცვლიან და რაღაცას შეაკეთებენ.  არც სამზარეულოს კომბაინია, რომელიც უნდა შეაკეთო.

როდესაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, სიცოცხლეს შენ განდობს, იმ ადამიანს განსაკუთრებულად უნდა მიუდგე. ამ პროცესში კი ყველაზე მთავარი არის ნდობის ფაქტორი.

მე, ქირურგად მუშაობის 30 წლის  სტაჟი მაქვს და ჩემთვის ყველაზე მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო ნდობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიმართლე ვუთხრა პაციენტს, დეტალურად ავუხსნა ყველაფერი და ის მენდოს.

პირველი შეხვედრა ყოველთვის არასასიამოვნოდ იწყება ხოლმე, როდესაც დიაგნოზს ვეუბნები. პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას აუხსნა ყველაფერი ისე დეტალურად, ისე ღიად, ისე რომ მას  კითხვა არ დარჩეს. როდესაც უკვე ამბავი კარგად სრულდება და ამას ეუბნები პაციენტს, მან უკვე იცის, რომ შეუძლია შენ გენდოს, რადგან არც ცუდს უმალავ და კარგს - მით უმეტეს. როდესაც პაციენტი ამჩნევს რომ მას რაღაც დაუმალეს, ან ბოლომდე არ უთხრეს სიმართლე, შემდეგ რაც არ უნდა კარგი უთხრა, ის ფიქრობს, რომ შეიძლება არც ეს იყოს სიმართლე. ნდობა არ მოდის ტყუილებით და ნახევარი სიმართლის თქმით.

ცხადია, პაციენტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ეს მხოლოდ მან და მისმა ექიმმა იცის. გადაწყვეტილება კი თავად პაციენტმა უნდა მიიღოს თავისი მინუსების და პლუსების გათვალისწინებით. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი აუცილებელია სწორი ინფორმაციის მიწოდება.

გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ ოჯახის წევრებმა. ჩემს ნაცვლად, ჩემს ჯანმრთელობაზე გადაწყვეტილება ჩემმა მეუღლემ, ან ჩემმა ორმა გოგონამ რომ მიიღოს, მათ მთელი ცხოვრება ეს ტვირთად ექნებათ. მაგრამ ნახეთ, ინფორმაციის მიწოდებასაც თავისი წესები აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაში - ეს გახლავთ ადამიანური მიდგომა.

ალბათ, ვერც კი დავთვლით, რამდენი ოპერაცია გაქვთ ჩატარებული, ყველა პაციენტს ასე ცნობთ, ვისთვისაც კი ოპერაცია გაგიკეთებიათ?

ყველა პაციენტს ვცნობ, შეიძლება 30 წლის შემდეგ შემხვდეს და მაინც ვიცნობ, იმიტომ, რომ ის დღეები, მათ ტკივილს და პრობლემებს მათთან ერთად გავდივარ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემი ოჯახის წევრები არიან...

მე ძალიან კარგად ვიცნობ თქვენს ბიოგრაფიას და გამოცდილებას.  დღეს, როდესაც თითქოს ძალიან გამარტივდა მკერდის სიმსივნის მართვა, მაინც რჩება ძალიან სერიოზული გამოწვევები ამ მიმართულებით. რა არის  ყველაზე დიდი გამოწვევა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

22 წლამდე, მკერდის სიმსივნე ძირითადად გვხვდება ქალებში, მაგრამ 22 წლის შემდეგ, მამაკაცებშიც ძალიან გახშირდა.  აქედან 5-8%  არის გენეტიკური მუტაციებიდან გამოწვეული. როდესაც ეს დგინდება, მას განსაკუთრებული მიდგომით და მკურნალობის მეთოდით მივყვებით. არის დამცავი ოპერაციებიც კი, რადგან გენეტიკური მუტაცია საკმაოდ პრობლემატურია.

რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას, რაც თავიდან აგვაცილებს სიმსივნის წარმოშობას, კვლევები ვერ გვთავაზობს.

დღეისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრევენცია, სიმსივნის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მისი კონტროლი. სიმსივნე უნდა  გადავიყვანოთ ქრონიკულ დაავადებაში და ამის გაკეთება ძალიან მარტივია, როდესაც მას აღმოვაჩენთ ადრეულ ეტაპზე. ამიტომ, 30-35 წლის ასაკში აუცილებელია კონსულტაცია მამოლოგთან და თუ პრობლემები არ იქნება, 40 წლის ასაკიდან წლიური კონტროლი მამოგრაფიით და ექოსკოპიით.

ეს არის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი მკერდის სიმსივნის თავიდან ასაცილებლად და მის სამართავადაც. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება არის პლუს ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.

ბავშვებში რამდენად გვხვდება მკერდის სიმსივნე და როდიდან არის საჭირო მათი მიყვანა გამოკვლევებზე?

არა, თუ ოჯახში ვინმე გენეტიკურად არ არის დატვირთული ამ დაავადებით, მაშინ არ არის საჭირო მკერდის კონტროლი ახალგაზრდა ასაკში. 

13-14 წლის ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია HPV ვირუსუს აცრის გაკეთება. (HPV არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (STI) (CDC).

გენიტალური HPV ინფექციის ზოგიერთმა შემთხვევამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა, HPV-ის ზოგიერთმა სახეობამ შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭების განვითარება და საშვილოსნოს ყელის, ანუსის და ყელის კიბოც კი, მაგრამ არსებობს ვაქცინები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება.)

ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პრევენციას. გარდატეხის პერიოდში, სანამ გოგოს სქესობრივი ცხოვრება დაეწყება, აუცილებლად უნდა მოხდეს ამ აცრის გაკეთება ორჯერ. ეს აცრა ხელს უშლის საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელებას.

რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ სიმსივნის გავრცელების ერთ-ერთი წყარო სტრესი და ნერვიულობაა?

რაიმე მეცნიერული კვლევებით არ არის დადგენილი, რომ ონკოლოგიური დაავადება სტრესიდან ჩნდება, მაგრამ დიაგნოზის დასმის შემდეგ, რასაც მოჰყვება ქიმიური ან სხივური თერაპია, მკურნალობის კურსი, ამ პერიოდში მიღებული სტრესი მკურნალობის შედეგზე, ცხადია, მოქმედებს. ნერვიულობა ჩვენს იმუნურ სისტემას ანგრევს და შედეგზე ახდენს გავლენას. პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მკერდის იმპლანტებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს? არის თუ არა სახიფათო მისი გაკეთება და იწვევს თუ არა რაიმე პრობლემებს სიმსივნის თვალსაზრისით?

ის, რომ იმპლანტი ხელს უწყობს სიმსივნური  პროცესის წარმოქმნას, არის ცრუ ინფორმაცია. ერთადერთხელ, 20 წლის წინ მოხდა შემთხვევა, როდესაც საფრანგეთში გამოშვებული იმპლანტის ჩასმის შემდეგ, რომელიც უფრო ცხოველური შემადგენლობის იყო, მოხდა სიმსივნური პროცესის წარმოქმნა. მაგრამ ესეც არ იქნა დადასტურებული უტყუარი სიზუსტით.

მკერდის მოკვეთის შემდეგ პლასტიკური ოპერაცია როდის შეიძლება გაკეთდეს და რამდენად რთული პროცესია ეს?

10 წელია უკვე გადასულები ვართ ხელოვნურ პროთეზებზე, რაც ქირურგებისთვისაც შედარებით ადვილია და პაციენტებისთვისაც. არის სიტუაცია, როდესაც ოპერაციის მსვლელობის დროს შეიძლება გაკეთდეს ეს პროთეზი, მაგრამ ზოგჯერ პაციენტს არ სურს ყველაფრის ერთად გაკეთება და ურჩევნია, ყველა სახის მკურნალობამ ჩაიაროს და მერე გაკეთდეს პლასტიკური ქირურგია.

მთავარი მიზანი არის პაციენტს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია და თავად გადაწყვიტოს რა და როგორ ურჩევნია. თუმცა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორის გათვალისწინება. ზოგჯერ საჭირო ხდება არა მხოლოდ მკერდის მოკვეთა, არამედ საკვერცხეების ამოღებაც.

 ხშირად ამბობენ, რომ განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამბობენ იმასაც, რომ რაც უფრო მედგრად ხვდები ამ დაავადებას, მით ნაკლებად გერევა ის. ეს მართალია თუ უბრალოდ, ადამიანების გასამხნევებლადაა მოგონილი?

მე ვფიქრობ, რომ ეს მთლად სიმართლე არ უნდა იყოს... პაციენტები, რომლებიც თავს იჭერენ თავიდან და არ იმჩნევენ ამ ამბავს, მერე უფრო ტყდებიან ხოლმე. ემოციების დაფარვა არ არის საჭირო. სჯობს, მიიღო ეს რეალობა და დაიწყო მოქმედება მის შესაცვლელად.

პირველი დიაგნოზის გამოცხადება რთულია ჩემთვისაც, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როდესაც მეტასტაზები იჩენს თავს ან ხდება დაავადების თავიდან წარმოქმნა, რეციდივი... მკურნალობის შემდეგ ამის აღმოჩენა ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე და ამის სათქმელად საგანგებოდ ვემზადები ხოლმე.

სტატისტიკურად, უფრო რომელ სტადიაში ხდება დაავადების უკან მიბრუნება?

უფრო მაღალ სტადიებზე ხდება, მაგრამ მკერდის სიმსივნის დროს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სტადია, არამედ მისი ბიოლოგიური ხასიათი.

ყველაზე დაბალ სტადიაში არსებობს ასეთი „ტრიპლ ნეგატივი“, რომელიც ძალიან ცუდ ფორმად ითვლება. მე რომ მკითხოთ, 3-4 სანტიმეტრიანი სიმსივნის მართვა უფრო მარტივია თუ ტრიპლის, გიპასუხებთ, რომ 3-4 სანტიმეტრიანის.

 არასდროს დამავიწყდება თქვენი სიტყვები ოპერაციის შემდეგ, როდესაც თვალი გავახილე და მითხარით: მე ვფიქრობ, რომ ეს სიმსივნე თქვენ უკან აღარ დაგიბრუნდებათ...

ძალიან დიდი მადლობა, ეს სიტყვები უკან რომ დამიბრუნეთ და შემახსენეთ რაც გითხარით. თქვენ რომ მანამდე ჩემი ნდობა არ გქონოდათ, არც ამ სიტყვებს დაიჯერებდით ჩემსას.

ძალიან ბევრი ქართველი მკურნალობს „ანადოლუში“, ყოველდღიურად ვხვდები მათ აქ. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ხმაურიანი და ემოციური ხალხი ვართ, გენეტიკა გვაქვს ასეთი, ძალიან ხომ არ წუხდებით ქართველ პაციენტებთან ურთიერთობისას?

წარმომავლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არასდროსაა, მაგრამ თვითონ პაციენტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. არის ჩვენთან ასეთი პროვინცია, თუნჯელი, რომელზედაც ამბობენ, რომ იქიდან ცუდი ადამიანი არ წამოვაო. იმასაც ამბობენ, ვისაც ფოლკლორი უყვარს, ის ცუდი ადამიანი არ იქნებაო. ასე ვფიქრობ ქართველებზეც.

ჩვენს საერთაშორისო განყოფილებაში, ანუ უცხოელ პაციენტებს ვგულისხმობ, ნეტა ყველა ქართველი პაციენტისთანა იყოს. ძალიან ბევრი საერთო მაქვს ქართველ ხალხთან და ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. მეც ხმაურიანი და ემოციური ვარ, ქართველებივით ხმამაღლა ვლაპარაკობ.

ადამიანი როგორიც შინაგანადაა, გარედანაც იმავეს გადმოსცემს. ყველა პაციენტი უმნიშვნელოვანესია და მათთან ურთიერთობა ხანგრძლივი პროცესია.

არ არის ეს ამბავი სულ ია-ვარდებით მოფენილი. როდესაც პაციენტს კარგ ამბავს ეუბნები, მისთვის ღმერთი ხარ, მაგრამ როდესაც, ჩემდა სამწუხაროდ, მისთვის ვერ მაქვს კარგი ამბავი, შენი დანახვაც არ სურთ ზოგჯერ და ესეც გასაგებია...

და კიდევ ერთხელ მივუბრუნდები ქართველ პაციენტებს, არ შეიძლება ცუდი იყოს ადამიანი, რომელიც თავის რწმენას და რელიგიას  ისეთ პატივს სცემს, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ.