ერთმანეთს თურქეთში, "ანადოლუს სამედიცინო ცენტრში" შევხვდით... არა როგორც რესპოდენტი ჟურნალისტს, არამედ როგორც პაციენტი პაციენტს... თუმცა, ინტერვიუ მაინც შედგა...

ყველასთვის ძვირფასი მსახიობი და კიდევ უფრო მეტად ძვირფასი ადამიანი, გია ბურჯანაძე "აიპრესთან" გულახდილად საუბრობს იმ დიდ და რთულ გზაზე, რაც მან სიმსივნესთან ბრძოლის ჟამს გამოიარა... გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას და გია ბურჯანაძის ფიქრებს ადამიანობაზე, ტყუილზე, უსამართლობასა და ცხოვრებაში დაშვებულ გამოუსწორებელ შეცდომებზე...

როგორ ბრძანდებით ბატონო გია?

ღვთის წყალობით, ჯერჯერობით  კარგად ვარ, თუმცა, მერჩივნა, უკეთ ვყოფილიყავი...

მეც მერჩივნა, თეატრში შეგხვედროდით ინტერვიუზე, როგორც ჟურნალისტი რესპოდენტს, მაგრამ "ანადოლუს სამედიცინო ცენტრში" შევხვდით ერთმანეთს, როგორც პაციენტი - პაციენტს..

მეც მერჩივნა, რაღა დაგიმალოთ და...

როგორც ვიცით, თქვენ გადიხართ სიმსივნეზე პოსტოპერაციული მკურნალობის კურსს ანადოლუს კლინიკაში... ასეთ დროს, ძალიან ხშირად, ადამიანებს ურჩევნიათ არ ილაპარაკონ  თავიანთ პრობლემებზე და გასაგებიცაა, არ არის მარტივი... თუმცა, მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვესაუბროთ ამ ყველაფერზე, რათა თავიდან აიცილონ ის შეცდომები, რასაც უყურადღებობის და ჯანმრთელობისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო უშვებენ. თქვენს სიტყვას კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს, რადგან ქართული აუდიტორიისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ბრძანდებით. ყველაფერი იწყება დიაგნოზით... როგორ დაიწყო თქვენს შემთხვევაში ეს ამბავი და იყო თუ არა შიში?

ჩემს შემთხვევაშიც უცოდინარობის გამო დაიწყო, თურმე 50 წლის შემდეგ, ყველამ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, რომ დაიზღვიონ თავი. თავიდან იყო შოკი... გაშტერებული ხარ, არ იცი არაფერი და მერე, ნელ-ნელა, ნელ ნელა. ადამიანები, რომლებსაც გავლილი აქვთ ეს გზა, გეხმარებიან, გამოსავალს გიჩვენებენ. ბოლოს, ეგუები იმას, რომ ეს შენი სატარებელი ჯვარია და ღვთის ნებით და ექიმების დახმარებით, შეიძლება განიკურნოს ადამიანი.

რამდენად რთული იყო თქვენს შემთხვევაში პირველი შიშის გადალახვა? და ვინ დაგეხმარათ ყველაზე მეტად?

სამეგობრო... ეს ამბავი სამწელიწადნახევრის წინ მოხდა, 22 დეკემბერი იყო, როცა გავიგე ეს დიაგნოზი,  ეს რომ მჭირს. პირველსავე დღეებში, მთელი ჩემი სამეგობრო დადგა ფეხზე. მე ისიც არ ვიცოდი, რომ თურქეთში შეიძლებოდა მკურნალობა... მერე ფინანსებია მოსაძიებელი... იბნევა ადამიანი, რადგანაც პირველად აქვს შეხება ისეთ რამესთან, რაც მხოლოდ გადმოცემით იცის. ახლობლები, ოჯახი, სამეგობრო, სანათესავო - ყველა ფეხზე დადგა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ბევრი უცნობი ადამიანიც დამეხმარა და მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამის...

როგორ ფიქრობთ, ასეთი განსაცდელების დროს ძლიერდება თუ არა ადამიანი რწმენაში?

როგორ გითხრათ, თუ ადამიანი რწმენაშია, მან ისედაც იცის, რომ ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოუვარდება, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ადამიანი არ არის რწმენაში, შიშისგან ემართებათ ხოლმე ისეთი რაღაც, რომ აი, ამან შეიძლება მიშველოს. ესეც კარგია, როდესაც რაღაც განსაცდელი მოაბრუნებს ადამიანს რწმენისკენ. მე ვიცი, რომ ეს ჩემი სატარებელი ჯვარია და რამდენსაც შევძლებ, იმდენი უნდა ვატარო. ვცდილობ, თუ რამე შემიძლია, სხვასაც გავუზიარო ჩემი გამოცდილება და დავეხმარო შეძლების ფარგლებში.

გამოჩნდნენ თქვენს გარშემო ადამიანები, ვისაც უკვე გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება?

როდესაც ეს ამბავი გავიგე, ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა იგივე პრობლემით. ნელ-ნელა უკვე შედიხარ ამ თემაში და ცხოვრებას იწყებ ამ განსაცდელთან ერთად. მერე უკვე ყველას უზიარებ გამოცდილებას და ურჩევ, სად ჯობია, რომელ კლინიკაში, რომელ ექიმთან. მე ყველას ვურჩევ ამ გადმოსახედიდან, რომ აუცილებლად გაიკეთონ სკრინინგი.

უცნაური იცით რა არის? მთელი  ცხოვრება არაფერი მაწუხებდა. ერთადერთი, ხშირად ვხვდებოდი საავადმყოფოში იმიტომ, რომ ხიფათიანი კაცი ვარ და ვიმტვრეოდი სულ. ასეთ რამეს, რაც ახლა მჭირს პირველად შევეჩეხე ცხოვრებაში. ჩემს სამეგობროშიც არაერთი იყო ასეთ სიტუაციაში. რამდენიმე მეგობარი დავკარგე... ტრისტან სალარიძე და მე ერთად ვიწექით ამ საავადმყოფოში. სოსო ჯაჭვლიანიც დავკარგე... სამწუხაროდ, არის შემთხვევები, რასაც ვერც მედიცინა შველის...

როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს განსაცდელი თქვენი მძიმე ჯვარია. იცვლება თუ არა ამ დროს ადამიანის ღირებულებები, მისი მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ?

როგორ გითხრათ...დღეს მე ვიცი, რა არის ჯანმრთელობის ფასი. აი თუნდაც,  როდესაც ორი  ხელი გაქვს და შეგიძლია ის ხელი გაუწოდო ვინმეს, როდესაც ორი ფეხი გაქვს და შეგიძლია ადგე და წახვიდე, ამასაც კი  სულ მადლიერებით ვეგებები მთელი ჩემი ცხოვრება. ყველა გათენებული დილის მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ვიცი რა არის ავადმყოფობა, ლოგინთან მიჯაჭვულობა. მადლობელი  ვარ თითოეული დაღამებული და გათენებული დღის.  მხოლოდ ჯანმრთელობის დაკარგვაზე ხომ არაა, ადამიანებსაც რომ ვკარგავთ, მერე  ვირტყამთ თავში ხელებს, რატომ არ მოვეფერეთ, რატომ დროზე არ ვუთხარით ის, რაც მქონდა სათქმელი.  როდესაც გვყავს გვერდით, ვერ ვაფასებთ.  ასეა ჯანმრთელობაც, როდესაც პრობლემა გექმნება, ხვდები, რა ბედნიერებაა როდესაც ჯანმრთელი ხარ. როდესაც თავისუფლებას ვკარგავთ, მაშინ ხვდები, რა ბედნიერებაა, როდესაც თავისუფლებაზე ხარ ადამიანი და ასე შემდეგ...

მინდა ცოტა მტკივნეულ თემას შევეხო. არ არის შემთხვევითი,  მე და თქვენ, თურქეთის კლინიკაში რომ ვხვდებით ერთმანეთს, მაშინ როდესაც საქართველოშიც არსებობს კლინიკები,  ონკოლოგიის მართვის პროგრამა და ასე შემდეგ. თქვენ რატომ აირჩიეთ ეს კლინიკა?   

სანამ თურქეთში წამოვიდოდი, ერთი კვირით ადრე, შევხვდი ახლობელ ქართველ ონკოლოგს რომა სრესელს და როდესაც ვუთხარი, რომ მეგობრები მთავაზობენ თურქეთში წასვლას, მითხრა - რა თქმა უნდა, თუ გაქვს საშუალება წადიო. უცნაური ისაა, რომ რაც მან დაწერა, მკურნალობის სქემა, აქაურ ონკოლოგს რომ ვაჩვენე, გაუკვირდა, ვინ დაგიწერაო, ვუთხარი, ქართველმა ონკოლოგმა-მეთქი, მეც იმავეს გიწერ ახლაო. ისე მოხდა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, ერთმანეთთან ურთიერთობა გააბეს. აქაური ონკოლოგი რომას წერს - მე შენ განდობ მართვასო. “ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ ჩამოვდივარ გამოკვლევებზე, თუ ოპერაცია დამჭირდა - ოპერაციებზე და დასხივებებზე, მაგრამ მართვას რაც შეეხება, მთლიანად ენდობა რომას.

საქართველოშიც არიან კარგი ექიმები, უბრალოდ ჩვენთან  ინფრასტრუქტურა არ არის გამართული. აქ, კლინიკაში რომ შემოდიხარ, ყველაფერი ადგილზეა, სხვადასხვა საავადმყოფოში არ გიწევს სირბილი. სასადილო, კაფე, სასტუმროც გვერდით არის, ბანკი პირველ სართულზე, აფთიაქიც აქვეა. ინფრასტრუქტურულად ესენი უფრო მოწესრიგებულები არიან. ჩვენთან, დრო სჭირდება ამას, რომ ერთ ჭერქვეშ შეიკრას ყველაფერი და პაციენტს არ უწევდეს აქეთ-იქით სირბილი, სხვადასხვა გადამოწმებები. აქ ანალიზს რომ გაიკეთებ 2 წუთში პასუხი მზადაა. მე გამიმართლა, რომ კარგი ექიმები შემხვდა, აქაც და საქართველოშიც.

როგორც იტყვიან ასეთ დროს, შენი ექიმი შენი მფარველი ანგელოზი გგონია...

ნამდვილად გგონია და ასეც არის. მე ძალიან კარგი ექიმი მყავს აქ, აბდულ ჯაფარი ჰქვია ჩემს ქირურგს, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია, ძალიან დავმეგობრდით...

ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც ხელი ჩაგიქნევიათ და გითქვამთ, -  მორჩა, მეტი აღარ შემიძლია?

კი, რა თქმა უნდა, მქონია... სამწელიწადნახევარი გავიდა და არ მთავრდება, არ მთავრდება... მზღუდავს ბევრ რამეში, ჩემს საქმეს ვეღარ ვუთმობ დროს. არის დაღლის მომენტი, მაგრამ ასეთი რამ ისედაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყო რწმენაში. მე როდესაც წავედი დეპრესიაში, იმ მონასტრიდან, სადაც მე დავდივარ, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მინასტერია, იქაური ბერები ჩამოვიდნენ და ძალიან დამტუქსეს - არ შეიძლება ასეო...

ყველაზე მეტად, რამაც მე „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ გამაოცა, არის კლინიკის შენობაში, მუსულმანური სამლოცველოს გვერდით განთავსებული ჩვენი, ქრისტიანული სამლოცველო, რომლის გახსნის ინიციატორი ქართული მხარე ყოფილა და ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს მიუცია ლოცვა-კურთხევა...

მე ყოველდღე შევდივარ... აქ, ძალიან პატივს სცემენ ჩვენს რელიგიას. კიდევ უფრო მეტს გეტყვით, თუკი რაიმე გართულებები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ყველაფერი მე დამემართა ქიმიოთერაპიის დროსაც, ოპერაციის დროსაც. მოკლედ, ერთ-ერთი მორიგი ოპერაციისას, ჩემი აბდულ ჯაფარი მეუბნება, გია, იმედია, ახლა მაინც არ გექნება გართულებაო. ამინ, მეთქი და პირჯვარი გადავიწერე. აჰა, მეც გადავიწერ პირჯვარსო და მუსულმანმა ბიჭმაც პირჯვარი გადაიწერა. ადამიანები ვართ სუყველა, ვიღაც ისლამის მიმდევარია, ვიღაც იუდეველია, ჩვენ ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს რაში ვუშლით ხელს? ღმერთისკენ მიმავალი გზა ერთია... ეს ქრისტიანული სამლოცველო კი აქ ჩამოსულ ქართველებს ძალიან ეხმარება და მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჩვენი რელიგიისადმი ასეთი პატივისცემის გამო...

სამწუხარო ის არის, რომ ბევრი პაციენტი გვიწევს აქ ონკოლოგიის დიაგნოზით. განსაკუთრებით ბავშვებზე ვნერვიულობ, აქ ბავშვები იწვნენ ამ დიაგნოზით სახელმწიფო პროგრამით, ძალიან ბევრი ფული დახარჯა სახელმწიფომ, თითო ბავშვის მკურნალობა ზოგჯერ 800 000 ლარზე ადიოდა და ბარაქალა მათ, რომ ამას აკეთებდნენ.

თქვენს მკურნალ ექიმზე ყვებოდით, აბდულ ჯაფარზე, მოსაყოლი მეც ძალიან ბევრი მაქვს აქაური ექიმების საოცარ სითბოსა და ყურადღებაზე და როგორც ვხედავთ, ექიმის მიდგომებს  პაციენტის მიმართ უდიდესი მნიშვნელობა აქვს,  რაც დღეს ძალიან გვაკლია საქართველოში.

ემპათია, მეტი ემპათიაა საჭირო. მესმის, რთულია ერთდროულად 40 პაციენტს რომ უყურებ, ყველას ვერ მოეფერები, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, თუ ირჩევ ამ პროფესიას, უნდა იყო ასეთი... უნდა იცოდე, რომ ყოველდღიურად მოგიწევს ამ ადამიანებთან ცხოვრება და მათ სჭირდებათ თბილი სიტყვა. რაც დღეს აკლიათ საქართველოში ექიმებს, ცხადია ყველაზე არ ვამბობ, ეს არის თანაგანცდა.

ალბათ ძალიან განიცდით, რომ ამ პრობლემების გამო თქვენს საყვარელ საქმეს დროებით ჩამოშორდით, თუმცა ვიცი, რომ რაღაცები დაგეგმილი გაქვთ და უახლოეს პერიოდში გიხილავთ სცენაზე...

როცა ვახერხებ, ვთამაშობ სპექტაკლებს, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც საერთოდ ვერაფერს ვშვრები, აი, განძრევაც არ შემიძლია ხოლმე, ქიმიოთერაპიები მძიმედ გადამაქვს. მაისის ბოლოს რაღაცები გვაქვს დაგეგმილი, აგვისტოში უკვე გადაღებებია ჩანიშნული და ამ დროს, ახლა რაღაც ახალი კურსი დამინიშნეს მკურნალობის. არადა, მე ძალიან მინდა სცენაზე, არ მინდა მოვწყდე ჩემს საქმეს და ვიცი, რომ მაყურებელსაც უნდა, მიხილოს სცენაზე, ძალიან ხშირად მეკითხებიან, როდის ვითამაშებ. ვფიქრობდი, რომ მაისის ბოლოს მაინც შევძლებდი, არ ვიცი, ვნახოთ...

დღეს, თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ქართველი მაყურებელია...

აქაც რომ გაიგეს ვინ ვარ, რომ საქართველოდან ვარ, წარმოიდგინეთ, ერთი ოპერაცია მაჩუქა ამ ხალხმა. ორი ოპერაცია იყო დაგეგმილი, მე მქონდა ორი ოპერაციის თანხა, გადმომირიცხეს, მაგრამ გართულების გამო, მესამე ოპერაცია გახდა საჭირო. დავიბენი, რა მექნა არ ვიცოდი, ფული ხომ იყო საჭირო? ამ ხალხს ვუთხარი, რესტორანში ხომ არ ვარ, პასპორტი დაგიტოვოთ, ხვალ მოვიდე და ფული გადავიხადოთ, გადავფრინდები და თანხას მოვიძიებ და მერე ჩამოვალთქო. მითხრეს - დამშვიდდი, ამაზე ნუ ნერვიულობო. მეორე დღეს, შემოვიდნენ ჩვენი წარმომადგენლები ქართული დეპარტამენტიდან, ეს ჩემი ექიმიც იქ იყო და მითხრეს:  როგორ, ჩვენ ჯონ ჰოპკინსის წარმომადგენლობას, მსოფლიოში ცნობილ კლინიკას, არ შეგვიძლია ქართველი არტისტის ერთი ოპერაცია დავაფინანსოთო? ეს ოპერაცია, ფეშქეშ ჩვენგანო!

დიდი ეჭვი მაქვს, თქვენი ნათამაშები როლები ნახეს თურქმა ექიმებმა...

არ ვიცი, ნახეს თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩვენი გოგოები მოუყვნენ აქაური დეპარტამენტიდან ჩემს შესახებ და იცოდნენ ყველაფერი, ისედაც ყურადღებიანი ხალხია თვითონ ძალიან.

რა როლს ითამაშებდით ახლა დიდი სიამოვნებით?

ყველანაირს, რაც ახალია, ჩემთვის ყველაფერი საინტერესოა. არა, ძველი როლებიც მომწონს, მაგრამ არტისტისთვის ახალია მთავარი. უკვე იმასაც აღარ ვუყურებ, ჩემს ასაკში წარმატება ექნება თუ არა, მთავარია, მე  ვიყო კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებ. რაც უფრო ასაკში ხარ, მით უფრო იწაფები. ზოგჯერ იმ როლებს რომ ვუყურებ, რაც ბიჭობაში მაქვს ნათამაშები, აუუჰ, ისე არ მომწონს... ახლა, ბევრად უკეთ ვითამაშებდი.

ახლა რა როლისთვის ემზადებით?

აგვისტოში უნდა დაიწყოს გადაღებები, გოგა ხაინდრავა იღებს ძალიან კარგ ფილმს, რომელსაც ჰქვია „შენდობა“ და რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, რომელიც ყაზბეგში მოხდა...რა ვიცი, შევძლებ კი?

ბატონო გია,  რა არის თქვენთვის სიყვარული და რას ნიშნავს  თქვენთვის თავისუფლება?

ამხელა ასაკის ვარ და მაინც არ მაქვს მაგ კითხვებზე ზუსტი პასუხი... ძალიან თავისებური რამეა ერთიც და მეორეც. სიყვარული ჩემთვის არის ოჯახის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, პროფესიის სიყვარული, ძმაკაცის სიყვარული...მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც ღმერთის სიყვარულია, მან მომცა საშუალება, რომ ამ ქვეყანაში დავბადებულიყავი და ჩემი საქმე მეკეთებინა.

თავისუფლება კი ცოტა რთული ამბავია... თავისუფლება არის არჩევანი. ერთადერთი, ჩვენ თავისუფლები ვართ არჩევანში. მინდა მარჯვნივ წავალ და მინდა - მარცხნივ, ჩემზეა ეს დამოკიდებული. დანარჩენში შეზღუდულია შენი თავისუფლება, რადგან მოვალეობებიც არის. ყველაფერი აკეთო, რაც გესიამოვნება, არ მოსულა, ყველაფრის უფლებას რომ აძლევ საკუთარ თავს.  თავისუფალი ვარო... თავისუფალი ვარ, რას ჰქვია, შენ მოვალეობებიცა გაქვს. შენი თავისუფლება მთავრდება ჩემს  თავისუფლებასთან.

დაგიშვიათ ისეთი გამოუსწორებელი შეცდომა, შემდეგ ძალიან რომ გინანიათ?

სავსე ვარ შეცდომებით და ცოდვებით და ყველა ადამიანი ასეა, ალბათ... მთავარია, გააანალიზო და მოინანიო, შეეცადო, რომ მეორეჯერ აღარ გააკეთო, აღარ ჩაიდინო ის შეცდომა... მიტევებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთ-ერთ ლოცვაში გვაქვს კიდეც, რომ ღმერთო, მომეცი იმის ძალა, რომ მიტევება შემეძლოსო... მიტევება ძალიან ღვთისნიერი საქმეა. მე ცოტა ემოციური კაცი ვარ და აფექტური და ხანდახან გამოვდივარ ხოლმე მდგომარეობიდან და ეს ჩემი საშინელი თვისებაა. აფეთქება ვიცი საშინელი და ძალიან ცუდი ვარ მაგ დროს, მეზიზღება ჩემი თავი. ვცდილობ, რომ მოვთოკო მაგ დროს..

რა თვისება გაღიზიანებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად მაღიზიანებს ადამიანში უტაქტობა, ფამილიარობა, როდესაც იცი, რომ ვერ ვტყუვდები და მაინც ცდილობ, მომატყუო... უტიფრობა, უზრდელობა, დაუნახაობა - ასეთი რამეები ძალიან ნერვებს მიშლის ხოლმე. ელემენტარულად, მანქანების როგორი მოძრაობაა ხომ, თბილისში? ყველა თავისთვის მიდის და ვინ იცის, ვის რა პრობლემა აქვს. უცებ, ერთი რომ დაადებს თავს და მირბის, ყველაზე მაგარია ვითომ? იქნებ, მე  უფრო მეტად მეჩქარება და აჩერებს მოძრაობას. ან ვიღაცა ჩაგიკეტავს მანქანას ისე, რომ არც ტელეფონს დატოვებს. ეს წარმოუდგენელი რამ არის. რით ხარ შენ სხვაზე მეტი? აი, როდესაც ადამიანები ზევიდან იწყებენ ვიღაცებზე ყურებას და თავს მიიჩნევენ რაღაცად, ეს მაგიჟებს ხოლმე.. ერთ პატარა ჭიანჭველას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე თითოეულ ადამიანს. ჩვენ ვერ ვგრძნობთ ამას, რომ ძალიან უსუსრები ვართ. როდესაც ვიღაცები ამას ისე გაატარებენ, რომ ეს მე არ მეხებაო, ეს მე მაგიჟებს. აქედან მოდის, უტიფრობაც, უტაქტობაც და უზრდელობაც.

უსამართლობა მაგიჟებს, მაგრამ სულ ამით ვიმშვიდებ თავს, როგორც ამბობენ, რომ ზღვას ხიდი აკლია, ცას კიბე და ადამიანს სამართალიო. უსამართლობა სულ იყო და იქნება. მთავარია, უსამართლობას შეებრძოლო და ხმა აიმაღლო უსამართლობის წინააღმდეგ.

რა თვისებას აფასებთ ქალში ყველაზე მეტად?

ერთგულებას, რა თქმა უნდა ერთგულებას! და კაცშიც, კაცშიც ერთგულებაა მთავარი...და საერთოდ, ერგულებით და მადლიერებით ფასობს ადამიანი...

ბატონო გია, შევხვდებით თბილისში, ახალ სპექტაკლზე, ხომ ასეა?

თუ ღმერთის ნება იქნება, შევხვდებით...

ინტერვიუ ჩაიწერა და მოამზადა თამარ ლეფსვერიძემ