მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში, - ამ სიტყვებით მიმართა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიას, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ.
„ამას არაფერი შეედრება... მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში! მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“,- აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.