"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ის, რაც რუსთაველზე ხდება, რასაც ალიანსის წევრები პროტესტს ეძახიან - ეს პროტესტის დისკრედიტაციაა.
როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ის არ ფიქრობს, რომ საქართველოში პროტესტი კვლავ გრძელდება.
"ზოგადად, პროტესტს ყოველთვის აქვს უფლება. მაგალითად: ახლა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგი ტალღა დაიწყო. მე მგონი, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქართველმა ხალხმა სათანადოდ შეაფასოს მთავრობის მცდელობა, შეუზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ბოლოს და ბოლოს, მთავრობის გინება ქართველი კაცის უფლებაა და არ შეიძლება, რომ ასეთი რაღაც შეიზღუდოს. თუ ასეთი პროტესტები იქნება, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ზოგადად, პროტესტიც დემოკრატიის ნაწილია. მაგრამ, მეორე არის ის, რასაც ჩვენ ბოლო დროს პროტესტს ვეძახით. რაც რუსთაველზე ხდება, რასაც ალიანსის წევრები პროტესტს ეძახიან და ა.შ., ეს პროტესტის დისკრედიტაციაა. ამიტომ, მე არც მგონია, რომ ეს პროტესტი გრძელდება. კი ამბობენ, რომ 500-600 დღეაო, მაგრამ შინაარსობრივად ეს არის საპროტესტო ადგილის დაკავება, რომ შემთხვევით, სხვა, ნორმალური, ჯანსაღი პროტესტი იქ არ გაჩნდეს. ეს ჯანსაღი პროტესტი რომ გაჩნდეს და მერე გადაიზარდოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესად, ამისთვის საჭიროა რაღაც იდეა, დისკუსია, დებატები, რომლითაც შეიძლება მოვიგოთ ადამიანების გული", - განაცხადა რაქვიაშვილმა.









