"სიტყვის თავისუფლება თუ რამეს ნიშნავს ამ სამყაროში, ეს არის თავისუფლება, ილაპარაკო ის, რაც სხვას არ მოსწონს" - პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი, მთავრობის ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, როცა ლაპარაკი მხოლოდ იმ გაგებით არის ნებადართული, რამდენადაც ეს მთავრობას მოსწონს, ამას ჰქვია ცენზურა.

"სიტყვის თავისუფლება თუ რამეს ნიშნავს ამ სამყაროში, ეს არის თავისუფლება, ილაპარაკო ის, რაც სხვას არ მოსწონს. და როცა ლაპარაკი მხოლოდ იმ გაგებით არის ნებადართული, რამდენადაც მთავრობას მოსწონს, ამას ჰქვია ცენზურა. არანაირი სხვა განმარტება არ არის. სიტყვის თავისუფლება შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ებრძოდე ან არ ებრძოდე, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ამას ნიშნავს. ერთ რაღაცაში მართლები არიან ჩემი ოპონენტები, რომ ევროპაში მართლა ასეა. ევროპაშიც ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას. ის სოციალისტური შხამი, იდეოლოგიური კიბო, რომელიც ევროპაში გავრცელდა, პირველი რასაც დაარტყეს სოციალისტებმა, იყო სიტყვის თავისუფლება. იმიტომ, რომ როცა ტყუილს ავრცელებ, როდესაც მცდარ პოზიციას იკავებ, დაცვა გჭირდება შენი ტყუილის. სიმართლეს დაცვა არ სჭირდება.

"ქართულმა ოცნებამ" დაინახა ყველაზე ცუდი ევროპულ პრაქტიკებში. როგორც კი ცუდ პრაქტიკებს აკოპირებს "ქართული ოცნება", უცბად ევროპა კარგი ხდება და თუ ევროპა ამბობს, რომ სასამართლო რეფორმა ჩაატარეთო, რომელმაც შემდეგ უნდა გადაამოწმოს ეს კანონები, იქ, რა თქმა უნდა, ელჩი არ ვარგა, ევროპარლამენტარები კორუმპირებულები არიან, "დიფ სთეითი" მართავს ევროპას და ა.შ. ევროპა მაშინ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, როდესაც ცუდ კანონს აკოპირებთ და როცა კარგი კანონია დასაკოპირებელი, მაშინ ევროპა ცუდია.

წარმოიდგინეთ, ერთმა კაცმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენა და იმან პოლიციაში დარეკოს, ბიძია პოლიციელო დამეხმარე, აქ შეურაცხყოფას მაყენებენო. ეს როგორ ჩაჯდება ჩვენს წესში?" - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.