მე არ მითქვამს, რომ ვიღაცის მიმართ გინება სწორია, კარგია ან ნებადართული უნდა იყოს, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დებატების" ეთერში განაცხადა

მისი განმარტებით, მხოლოდ სიტყვის გამო ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს.

"მე არ მითქვამს, რომ ვიღაცის მიმართ გინება სწორია, კარგია ან ნებადართული უნდა იყოს. მარტივია, რომ ჩვენს სახლში ეს ნებადართული არ არის. ჩემს სახლში მე ვადგენ წესებს და მე შემიძლია ეს ადამიანი სახლიდან გავაგდო. თუ არ გავა, ეს ჩემი საკუთრების ხელყოფაა და სხვა ბერკეტების გამოყენების უფლება მიჩნდება, მათ შორის, კანონის თანახმად. მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ ამ სიტუაციაში საჯარო სივრცეზე და პოლიტიკოსებზე, რადგან სხვა შემთხვევაში, როდესაც პირად ცხოვრებას ეხება, პირად ურთიერთობას, სკოლიდან გვასწავლიან როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში და თქვენც მოგეხსენებათ, ყოველ ჯერზე პოლიციელს არ ვურეკავდით, როდესაც ამ პრობლემას ვაგვარებდით და ყოველ ჯერზე ჩხუბით ეს არ მთავრდებოდა. თუ ადამიანს საკმარისი ინტელექტი გააჩნია, ზოგს შეუძლია სიტყვითაც დაამარცხოს თავისი ოპონენტი, პოლიტიკოს ევალება ეს გააკეთოს.

კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ოდესაც იყო "ალტ ინფოს" შეკრება, რომლის შემდეგ იყო მოწოდება ვიღაც წევრის და მერე დარბევასავით დაიწყო. იქ, მათ შორის, ოპოზიციონერი კოლეგები ამბობდნენ, რომ ეს ხალხი უნდა დასაჯოთ, რადგან მოწოდება იყოო და მერე ძალადობას ჰქონდა ადგილი. მე მგონია, რომ ეს არ იყო მართალი და ოპოზიცია ცდებოდა იმიტომ, რომ თუ არ მტკიცდება უშუალოდ ძალადობის წახალისების ფაქტი, ქმედება და დაორგანიზება, შენ იქ წადი, იმას ჩაარტყი და ა.შ. სიტყვის გამო ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს, ასეთი წესია. თუ პროცესია, მე თუ ტერორისტული აქტს ვაორგანიზებ და იქ კიდევ რაღაც ვთქვი, ეს სხვა ამბავია.

თუ მოძალადე ვარ უნდა დავისაჯო, თუ ზიანი მივაყენე უნდა ავანაზღაურო, ეს ყველაფერი გასაგებია, ეს ყველგან ასეა, მაგრამ თუ მე უბრალოდ რაღაც ვთქვი, რომ თქვენ ხალხო იქ წადით და ეს ხალხი სცემეთ და მეტი არაფერი არ გავაკეთე, ეს არ უნდა ისჯებოდეს. შეიძლება ეს უცნაურიც იყოს, რადგან ოპოზიციურ ფლანგზეც კი საწინააღმდეგოს ითხოვენ, მაგრამ ამაშია სიტყვის თავისუფლების არსი. თუ მყისიერი საფრთხეა, მაგალითად: როდესაც ტერორისტი მიდის ასაფეთქებლად, მაშინ არავინ დავობს უნდა ჩაერიოს თუ არა, მაგრამ როდესაც მარტო ჩემი სიტყვაა და სიტყვის მეტი არაფერი არ არის, არ შეიძლება ისჯებოდეს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.