სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა, რომ მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც  „ოპოზიციური ალიანსის“  მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

„ვერ მოვისმინე, რაზეა აქცია, თქვენ იცით, რაზეა აქცია? სადმე თქვა, რა არის მიზანი ამ აქციის.
ეს მაშინ, პარტიული შეკრებაა, ასე შეიძლება ვიწრო პარტიული მიტინგი მოაწყო, იმიტომ, რომ სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა რომ მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო.
მაგალითად, 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მე არ მგონია, რომ 10 ათასიც გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? მართლა რომ გადაივსოს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე, რას აკეთებენ? იტყვიან რომ ყოჩაღ, მადლობა, დავანახეთ რომ ბევრნი ვართ და დავიშალეთო? არც ერთ აქციაზე არ იყო 100 ათასი, სამწუხაროდ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.