ევროკავშირის სპიკერმა განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური სირთულეების ფონზე, ევროკომისია, უსაფრთხოების გასაძლიერებლად, სადაზვერვო დანაყოფის შექმნას განიხილავს. მისი თქმით, ინიციატივა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.
"ჩვენ ვართ გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გარემოში. ამის გამო კომისია განიხილავს, თუ როგორ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოებისა და სადაზვერვო შესაძლებლობები." - თქვა სპიკერმა.
მანამდე, გამოცემა Financial Times წერდა, რომ ევროკომისიამ პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი სადაზვერვო სამსახურის შექმნა დაიწყო, რათა ეროვნული სადაზვერვო სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება გაუმჯობესდეს.
გამოცემამ ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ დანაყოფი კომისიის გენერალური სამდივნოს შიგნით შეიქმნება. გავრცელებული ცნობებით, თანამშრომლებს ევროკავშირის დაზვერვის სფეროდან დაიქირავებენ და ისინი საერთო მიზნებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაზე იმუშავებენ.








