ჩინურმა ნავთობკომპანია Yanchang Petroleum-მა უარი თქვა რუსული ნავთობის შეძენაზე დეკემბრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე პერიოდში. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Yanchang-ი  რუსული ნავთობის რეგულარული მყიდველია.

გამოცემის ცნობით,Yanchang-ს დღეში 348 000 ბარელი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ის ჩინეთის შიდა ნაწილში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანაა.

კომპანიას უფლება აქვს 3.6 მილიონი ტონის ან 26 მილიონი ბარელის ოდენობით წლიური იმპორტის კვოტაზე.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის უმსხვილესი ექსპორტიორების, "როსნეფტისა" და "ლუკოილის" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიები და ზოგიერთი ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა თავს იკავებენ რუსული ნავთობის შესყიდვისგან, რადგან შიშობენ, რომ ისინი მეორად სანქციებს დაექვემდებარებიან.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი მყიდველები გახდნენ.