Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ნავთობკომპანიამ, Lukoil-მა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს სთხოვა, გაახანგრძლივოს ვადა, რომელიც 21 ნოემბრის შემდეგ რუსულ კომპანიასთან ტრანზაქციებს კრძალავს.

წყაროების თქმით, Lukoil ვადის გახანგრძლივებას ითხოვს, რადგან მეტი დრო სჭირდება არსებული ვალდებულებების დასახურად და აქტივების გლობალური ქსელის შესყიდვაზე წამოყენებული შემოთავაზებების შესასწავლად.

ცნობისთვის, აშშ-ს ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ოქტომბერში ორი უმთავრესი რუსული ნავთობკომპანიის, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ, ახალი სანქციები გამოაცხადა.

ამავდროულად, OFAC-მა გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც კომპანიებს Lukoil-თან ბიზნეს გარიგებების დასამთავრებლად ვადას 21 ნოემბრამდე აძლევს, მათ შორის ნავთობკომპანიის საერთაშორისო აქტივების შესასყიდადაც.

Lukoil-მა, რომელზედაც ნავთობის გლობალური წარმოების დაახლოებით 2% მოდის, 27 ოქტომბერს დაადასტურა, რომ საკუთარი საერთაშორისო აქტივების გასაყიდად მყიდველებს ეძებდა და საჭიროების შემთხვევაში OFAC-ის ლიცენზიის გახანგრძლივებას მოითხოვდა.

აქამდე Lukoil თანახმა იყო, რომ საკუთარი საერთაშორისო აქტივები შვეიცარიული კომპანია Gunvor-ისთვის მიეყიდა, თუმცა გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Gunvor-ს "კრემლის მარიონეტი" უწოდა, რითაც მიანიშნა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.