ვენესუელის სამხედროები აშშ-ს თავდასხმის შემთხვევაში პარტიზანული რეაგირებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას გამოცემა Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხედროებმა განალაგეს იარაღები, მათ შორის, ათწლეულების წინ რუსეთში ნაწარმოები აღჭურვილობა და აშშ-ს საჰაერო ან სახმელეთო თავდასხმის შემთხვევაში, პარტიზანული სტილის წინააღმდეგობას გეგმავენ.

როგორც Reuters წერს, ეს მიდგომა ქვეყნის მხრიდან პერსონალისა და აღჭურვილობის დეფიციტის ფარულ აღიარებას წარმოადგენს

ამასთან, მედიის ცნობით, პარტიზანული სტილის თავდაცვა, რომელსაც ვენესუელის მთავრობა "ხანგრძლივ წინააღმდეგობას" უწოდებს, მოიცავს მცირე სამხედრო დანაყოფებს 280-ზე მეტ ადგილზე, რომლებიც დივერსიულ აქტებს და სხვა პარტიზანულ იერიშებს განახორციელებენ.

წყაროების ინფორმაციით, არსებობს ალტერნატიული სტრატეგიაც, რომელიც "ანარქიზაციას" – კარაკასის ქუჩებში არეულობის შექმნას და ვენესუელის "უცხო ძალებისთვის უმართავ" ქვეყნად გადაქცევას გულისხმობს.