ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და განახლების პროცესი გრძელდება.

უკვე გაიმართა ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დეტალურად იყო განხილული უწყების მიერ შემუშავებული რეგლამენტი „სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ", რომელიც ადგენს სამუშაო სივრცეში მყოფი პირების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას დარგის სპეციალისტებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს შორის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ( იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, თბილისის მერიის) წარმომადგენლებიც იყვნენ.

ახალ რეგლამენტებზე მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონისა და  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ერთდრულად რამდენიმე რეგლამენტი მუშავდება, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული .