„2022 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში შრომის კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ჩვენ მივიღეთ 3 ახალი დირექტივა, რომელიც გააუმჯობესებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში. ამით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპული ოჯახისკენ. გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა შრომის უფლებების რეალიზაციის კუთხითაც. ჩვენმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, საკუთარ თავზე გამოცადეს ყველა ის სიკეთე, რაც საერთაშორისოდ აღიარებული შრომითი პრინციპების განუყოფელი ნაწილია და რაზედაც დგას შრომის ინსპექციის სამსახური: დაცული შრომის უფლებები, ღირსეული, უსაფრთხო, და  თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული სამუშაო გარემო“, - განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ კომიტეტის სხდომაზე. მან, პარლამენტარებს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

როგორც მომხსენებელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შრომის კანონმდებლობაში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2021 წლის პირველი იანვრიდან  შრომის ინსპექციის სამსახური სრული მანდატით ახორციელებს ზედამხედველობას შრომით ნორმებზე, მათ შორის შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომის კოდექსითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმების უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, შრომის ნორმებზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში 2022 წლის საანგარიშო პერიოდში: 2510 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, მათგან პირველადი ინსპექტირება ჩატარდა 1147 ობიექტზე, როგორც გეგმიურად, ასევე საჩივრების საფუძველზე. გაიცა 8728 მითითება და ჯამში შედგენილ იქნა  1748 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მისივე ინფორმაციით, ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური სექტორი შემოწმდა.

მომხსენებელმა ისაუბრა იმ დარღვევებზეც, რომლებიც შრომის უსაფრთხოების მიხედვით ყველაზე მეტად ვლინდება შემოწმების დროს. 

ბექა ფერაძემ აღნიშნა, რომ სამსახურმა ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი კამპანია განახორციელა. შედეგად, 52%-მა აღმოფხვრა დარღვევები პირველივე ინსპექტირების შემდგომ - ეს არის 24%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ გასული წელი შედარებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა გასაკეთებელი კვლავ ბევრია.

 

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკავშირდება სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობას, აღსანიშნავია, რომ 41%-ით არის შემცირებული ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი სამუშაო ადგილებზე 2018 წელთან შედარებით.

 

მან ასევე ისაუბრა შრომის უფლებებზე ზედამხედველობის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ  შრომის უფლებების მიმართულებით 1024  პირველადი და შემდგომი ინსპექტირება განხორციელდა, შედგა 632 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და  გაიცა 3369 მითითება.

 

რაც შეეხება მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ნორმატიულ სიახლეებს, შეიმუშავეს და საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნა 17 ნორმატიული აქტი. ოთხ ევროდირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა და დამტკიცდა სამი ტექნიკური რეგლამენტი.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, ზოგადად საჭირო იქნება კიდევ  რამდენიმე წელი, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების კულტურა შეიცვალოს, ხოლო ეფექტურად აღსრულების მიმართულებით კი საჭიროა რესურსის, მათ შორის, ინსპექტორების ოდენობის ზრდა.

„შრომის ინსპექციის და ინსპექტორის როლი ქვეყანაში ალბათ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, ეს სფერო იყოს სრულად დარეგულირებული, ამასთანავე მოხდეს  ფატალური შემთხვევების პროცენტის კიდევ უფრო კლება.  იმედია მომავალ  ამ დროს ეს პროცენტი კიდევ უფრო ნაკლები იქნება, ან აღარ იქნება საერთოდ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ და  შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებს სამომავლო საქმიანობაში კომიტეტის სახელით წარმატებები უსურვა. 

 

კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.