თუ მიხეილ სააკაშვილმა იცის, ვინ არის მოღალატე, გამცემი, ხელისუფლების „შპიონი" ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას. ველი, რომ სახელები იქნება ნათქვამი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას: „რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი - როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა“.

„როდესაც ადამიანი ასეთ რამეს ამბობს, იქ პერსონალური საკითხი დადგება უმალ. ყველა ითხოვს ითქვას, ვინ იყო ის ადამიანი. ნათქვამია: ვინც მარწმუნებდა, ვინც წამომიყვანა, მანვე გადასცა ჩემი კოორდინატები სუს-ს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ფარდის ჩამოფარება ასეთი ადამიანებისთვის არ არის სწორი. ველი, რომ სახელები იქნება ნათქვამი. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილმა იცის, ვინ არის მოღალატე, გამცემი, ხელისუფლების „შპიონი" ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას. ასეთი ტიპის სუს-ის ადამიანს შეუძლია მრავალ ადამიანს დაუნგრიოს ცხოვრება და ციხეში გამოკეტოს. რახან პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ამის შესახებ, მან, რა თქმა უნდა, უნდა დაასახელოს ის ადამიანებიც, ვინც ჩამოიყვანა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.