4 ოქტომბერს ხელისუფლებამ ხაფანგში შეიტყუა საკუთარი ხალხი. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. სიურპრიზი დაახვედრეს ხალხს ღობის და იმ სპეცრაზმელების სახით, რომლებიც იყვნენ დამალული პრეზიდენტის სასახლეში, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ არ შეაჩერა პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ხალხი და არ მოხდა არავითარი პრევენცია.
„გაიჟღერა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარმა. პერსონალური ამბები ალბათ უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი და თუ თვითონ ორგანიზატორები ისაუბრებენ ამის შესახებ, ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ დამაჯერებელ პასუხს. როგორც ჩანს, გარკვეული კონტაქტები არსებობდა ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებთან და ის დამაჯერებლობა, ის იმედი, რომ სპეცრაზმელები გადმოვიდოდნენ და დაყრიდნენ იარაღს, რომ 4-ში დაიწყებოდა და 4-ში დასრულდებოდა, სწორედ ამაზე იყო დამყარებული. ვფიქრობ, სწორი სიტყვაა მიამიტობა. ერთი არის პოლიტიკური სურვილები, ერთი არის თუნდაც კეთილშობილური მიზნები, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ფიასკოსკენ მიმავალი გზაც ხანდახან არის კეთილი სურვილებით აღჭურვილი. პრემიერ-მინისტრმა ღიმილით ისაუბრა, რომ მათ არ შეაჩერეს პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ხალხი, მაშინ როდესაც, მათი ლოგიკით, დანაშაული უკვე ჩადენილი იყო. გამოცხადდა, რომ წავიდეთ და ავიღოთ პრეზიდენტის სასახლე, ოქროს გასაღები ავიღოთ იქიდან, ადამიანები მიდიოდნენ და არავითარი პრევენცია არ მოხდა. ხელისუფლებას არ დასტყობია არავითარი სურვილი, რომ შეეჩერებინა ეს ადამიანები, თუმცა იმ დღის ლოგიკიდან გამომდინარე, ვინც კი იყო პოლიციელი, სპეცრაზმელი, ყველა იქნებოდა იქ, თავისუფლების მოედნის გარშემო. როდესაც ისინი იქ მივიდნენ, თქვენც ნახეთ, გადაჭრილი ღობე, რომელიც ვარდება, სოფლის მოწნული ღობეები უფრო მყარია, ვიდრე სტრატეგიული დანიშნულების პრეზიდენტის სასახლის ღობე, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. თუმცა ჩემთვის სრულიად ცხადია, განსაკუთრებით, იმ სიტყვების შემდეგ, რაც ითქვა: „ჩვენ იქ სიურპრიზი დავახვედრეთო“. სიურპრიზი დაახვედრეს ხალხს ამ ღობის სახით და იმ სპეცრაზმელების სახით, რომლებიც იყვნენ დამალული პრეზიდენტის სასახლეში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
იგი მიიჩნევს, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს და პარტიებს მეტი კოორდინაცია მართებთ.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლის გადაშლა. ამ თვალსაზრისით, მგონია, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს. რეალურად, არაფერი შეცვლილა. მთავარი იდეა არის ცოცხალი, ხალხი ამის გულისთვის გამოდის, კვლავაც გამოვა. პოლიტიკურ პარტიებს ახლა მართებთ მეტი კოორდინაცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეს უკვე ითქმება იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილია გაერთიანებული ოპოზიციური მსვლელობა. ცხადია, ერთობა სჯობს დაქსაქსვას, ჩვენს გერბზე წერია ბოლოს და ბოლოს „ერთობა“, მაგრამ შეუძლებელია, მე და თქვენ ერთად წავიდეთ, თუ თქვენ მიდიხართ ზუგდიდში და მე – თელავში. ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.







