შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითად თემას საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის, ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის გამოცდები წარმოადგენდა. მონაწილეებმა ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.
საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისადმი მიძღვნილ შეხვედრას ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი ირინე ჟვანია და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ხათუნა მხეიძე უძღვებოდნენ. ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის შესახებ მონაწილეებს ესაუბრა ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარებისა და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტების მიმართულების კოორდინატორი რუსუდან მარკოზაშვილი.
შეხვედრები Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ცენტრის ექსპერტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება და სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა. მომდევნო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.













