აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხარისხიანი სათესლე მასალის ხელმისაწვდომობაზე, სარწყავი სისტემების გაუმჯობესებასა და ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ფერმერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხულო ყოველთვის გამოირჩეოდა კარტოფილის წარმოებით და აუცილებელია ყველა ფერმერს ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა იგრძნოს როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური მიმართულებით.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მნიშვნელოვანია ფერმერების გაძლიერება, საგაზაფხულო სამუშაოების მონახულება ადგილზე და ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია. ხულო დაკავშირებულია მრავალფეროვნებასთან. ვფიქრობ, ის პროექტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ხელს შეუწყობს ფერმერებს აჭარის მაღალმთიანეთში. ზრუნვა ჩვენს მოსახლეობაზე, ახალი პროექტების დანერგვა, სიახლეების შემოტანა, მთის გაძლიერება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ ყველაფერს სჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა, მთავრობის ხელშეწყობა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ფერმერებს, კარტოფილის ჯიშის „მესხური წითელი“ 3000 კილოგრამი სათესლე მასალა უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული სათესლე მასალით განხორციელდება სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მაღალპროდუქტიული, ელიტური სათესლე მასალის კვლავწარმოებას და მეკარტოფილეობის დარგში მოსავლიანობის ზრდას.
დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ხულოს მუნიციპალიტეტში მეკარტოფილე ფერმერების საჭიროებების, არსებული გამოწვევების განხილვა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროგრამების, ასევე მხარდაჭერის მექანიზმების გაცნობა.











