აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის ძალითაც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რკინიგზით შესვლა და გასვლა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის და ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, ვისაც ქვეყანაში ვიზის გარეშე შესვლის უფლება აქვს.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე იმოძრავებს შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯის“ მიერ წარმოებული სამგზავრო მატარებელი, რომელშიც იქნება საძილე ვაგონები და რესტორანი. მატარებელს ერთი მიმართულებით 200-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა შეეძლება.
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ და „საქართველოს რკინიგზის“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, მატარებელი 25 მაისიდან ყოველდღიურად 23:10 საათზე გავა ბაქოდან და მეორე დღეს 8:41 საათზე ჩავა თბილისში და ასევე 25 მაისიდან 21:00 საათზე გავა თბილისიდან და მეორე დღეს 6:24 საათზე ჩავა ბაქოში.
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავი მატარებლები გაჩერდებიან ბაქოს, ბილაჯარის, ევლახის, განჯის, აღსთაფის და ბიოიუქი-ქასიქის რკინიგზის სადგურებზე აზერბაიჯანში და გარდაბნის და თბილისის რკინიგზის სადგურებზე საქართველოში.
არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ მგზავრობის ფასები ასეთია:
ბაქო-თბილისი - 81 მანათიდან (1 აზერბაიჯანული მანათი უდრის 1,57 ლარს);
ევლახი-თბილისი - 67 მანათიდან;
განჯა-თბილისი - 62 მანათიდან;
აღსთაფა-თბილისი - 57 მანათიდან;
ბიოიუქი-ქასიქი - გარდაბანი - 51 მანათიდან.




