გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესეს. 90-პუნქტიანი სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, Rosneft-სა და Lukoil-ს, შეეხება. 

ყოველდღიურად ორივე კომპანიას ჯამში 3.1 მილიონი ბარელის ნავთობი გააქვს ექსპორტზე. ამასთან, მხოლოდ Rosneft რუსეთში ნავთობის თითქმის ნახევარს აწარმოებს, რაც მსოფლიო წარმოების 6%-ს შეადგენს. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობამ რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 44 სატვირთო გემი დაასანქცირა, რომელიც მსოფლიოში რუსული ნავთობის გადაზიდვაზე არის პასუხისმგებელი.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ "უკრაინისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ევროპა დახმარებას ზრდის. გაერთიანებული სამეფო თავის მოკავშირეებთან ერთად  რუსეთის ნავთობზე, გაზსა და მის "ჩრდილოვან ფლოტზე" ზეწოლის გაზრდას ცდილობს."