თბილისში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრებს კი მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

„ძალიან გახარებული ვარ, მესამედ გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა, ჩვენი ხალხის წინაშე გავიმარჯვე და ქართველი გულშემატკივარი გავახარე – ვულოცავ ყველას. გუნდში კარგი მდგომარეობაა და ეს ისტორიული შედეგიც ამის დადასტურებაა.  მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ვეცდებით, ოქროს მედლები მოვიპოვოთ, იქიდანაც გახარებული ჩამოვიდეთ და ქომაგებიც გავახაროთ“,- აღნიშნა გურამ თუშიშვილმა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.