დიდია განსხვავება 1977 წელსა და 2026 წელს შორის. ჩვენ საპატრიარქოს არჩევნების გამოცდილება არ გვაქვს, იმ თაობას, ვინც დღეს ვცხოვრობთ და პირველი არჩევნებია, როდესაც დიდი მონაკვეთის შემდგომ უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თავისუფალი საქართველოს პირობებში“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა აღავლინა.
„საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, მითუმეტეს დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია - ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში. ძალიან ამძიმებს ამ ვითარებას ის მოუსვენრობა და სულსწრაფობა რაც ისმის, რაც იხილვება მედიასივრცეში. ის ძალადობრივი მოწოდებები, რომელიც ძალადობს ადამიანის გონიერებაზე, მის ცნობიერებაზე. თვით მღვდელმთავართა მიმართ ჭკუის სწავლება, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა მისცენ ხმა, ყველამ ყველაფერი იცის ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი დაარიგონ როგორ უნდა მოიქცნენ“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ ეკლესია და საზოგადოება ისტორიული მნიშვნელობის პროცესის წინაშე დგანან და აუცილებელია, ეს პერიოდი მაქსიმალური გონიერებითა და პასუხისმგებლობით გადაილახოს.
„მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს გამოცდა ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ. დიდია განსხვავება 1977 წელსა და 2026 წელს შორის. ჩვენ საპატრიარქო არჩევნების გამოცდილება არ გვაქვს, იმ თაობას, ვინც დღეს ვცხოვრობთ და პირველი არჩევნებია, როდესაც დიდი მონაკვეთის შემდგომ უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თავისუფალი საქართველოს პირობებში. აი იმ ვითარებაში, როცა აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები, სწრაფვა და შეხედულება აქ დამოუკიდებელ საქართველოს განსხვავებით საბჭოთა საქართველოსაგან. ძალიან დიდი გონიერება გვმართებს, ძალიან დიდი სიფრთხილე, დაფიქრება. დღევანდელი საქართველო სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას და თუ ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოსთვის ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ცხოვრებაში რეალურ გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოება ერთმორწმუნეა თუ ფართოსპექტრიანი, რელიგიური თუ სხვადასხვა ინტერესების თვალსაზრისით, ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და შესაბამისად, ყველა ფიქრობს და ყველას აწუხებს ეს თემა და დიდი მოლოდინია ამის მიმართ, ამიტომ ამ საზოგადოებასაც პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ მათ მოლოდინებს და ყოველგვარ მანიპულაციას ყველამ უნდა დაანებოს თავი, ეს არის სიმახინჯე მეტი არაფერი“,- თქვა მეუფე გრიგოლმა.
მიტროპოლიტი გრიგოლი ხაზს უსვამს, რომ ეკლესიამ უნდა მისცეს მაგალითი საზოგადოებას, თუ როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები ღირსეულ და კულტურულ გარემოში და როგორ უნდა იქნეს აღიარებული მისი შედეგები. მისივე თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტია ქრისტესმიერი მშვიდობა, მოთმინება და ერთიანობის შენარჩუნება.
„მე ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს თვით ერს, ჩვენ საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და დასრულებული არჩევნების შედეგები როგორ იქნეს აღიარებული. ჩვენ ქრისტესმიერი მშვიდობა გვინდა, ამ სიყვარულით ვართ გაერთიანებული ამ ტაძრის გუმბათ ქვეშ და იმ დიდი გუმბათ ქვეშ, რასაც საქართველოს ზეცა ჰქვია, რასაც ქართული მიწა ჰქვია, რის მიმართაც ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ამ ქვეყანას არ ჰყავს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოთმინებით, ჩვენი ლოცვით, რა თქმა უნდა, ყველაფერს ღირსეულად გავივლით, ჩავაბარებთ ამ გამოცდას“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას.










