ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ინდივიდუალური პირველობის ბოლო საშეჯიბრებო დღეა.
მძიმე წონის ძიუდოისტ კაცთა ნახევარფინალში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი, კორეელი მინჯონ კიმი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში გურამ თუშიშვილის მეტოქე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელი ინალ ტასოევი იქნება.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, გურამ თუშიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესამედ გავიდა. პირველად, 2018 წელს, ბაქოში, მან ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. მეორედ, 2024 წელს, აბუ-დაბიში, გურამ თუშიშვილმა კორეელ მინჯო კიმთან წააგო ფინალური შეხვედრა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გურამ თუშიშვილს ტაშკენტში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ფინალამდე ჯერ სლოვაკი მარიუშ ფიზელი დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ლოსენი კონეს სძლია, პულის ფინალში კი უშანგი კოკაურს მოუგო.
დღეს +78 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა სოფიო სომხიშვილი. მან პირველი შეხვედრა კოლუმბიელ ბრიჯიტ კარაბალის იპონით მოუგო, მეორე შეხვედრა კი მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერთან, კორელ ჰიონჯი ლისთან შიდოებით ოქროს დროში წააგო.