სალომე ზურაბიშვილის ყველა სიტყვა უნდა დავინახოთ იმ ჭრილში, რომ მისი სახით გველაპარაკება სხვადასხვა უცხოური ჯგუფი თუ ძალა. ასე უნდა შევხედოთ და ვიფიქროთ, ვისი ინტერესები იკვეთება, თუ არ იკვეთება ამ დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ არჩევნების მოგება“.

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას შალვა პაპუაშვილმა განმარტა:

„ადამიანები, რომლებიც თაღლითობაზე არიან გასამართლებული, საერთოდ საუბრობენ, პოლიტიკაში არიან, რაც ცალკე პრობლემაა. საუბრობენ, თითქოს რაღაც ამერიკული ინვესტიციები იყო, სინამდვილეში, არანაირი ინვესტიცია არ იყო, აღმოჩნდა, რომ მუქთა ფულის შოვნის ცეხი უნდოდა მოეწყო მამუკა ხაზარაძეს, ყველა ჩვენგანის, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ეკეთებინა უშრომველად ფული და ჩვენი ხარჯით ჰქონოდა მოგება. ეს ხომ ყველამ იცის, ამას სად გაექცევიან.

ქართველმა ხალხმა როცა უთხრა, რომ არანაირი სურვილი არ აქვს, მამუკა ხაზარაძეს მუქთა ფული აშოვნინოს, მას და მის პარტნიორებს გარანტირებული მოგება ჰქონდეთ, ნახეთ, რაც მოჰყვა ამას. ტენდერი იყო ღია, ყველას შეეძლო, მიეღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს ჰქონდა მცდელობები, ყველა დიდ ქვეყანასთან ჰქონოდა საკითხზე მსჯელობა, აშშ-სთან, ევროპასთან. მსჯელობა იყო, რომ მათ წაეხალისებინათ საკუთარი ბიზნესები, რათა პროექტში ჩაედოთ ფული და ყოფილიყვნენ ინვესტორები. ყველა სახელმწიფოს აქვს ამის მექანიზმები. მათი მხრიდან ამის ინტერესი არ იყო. საჯარო, ღია ტენდერი იყო, საბოლოოდ მონაწილეობა მიიღო ერთმა კომპანიამ, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი, გამოცდილი კომპანია.  ვინაიდან ვსაუბრობთ აღმოსავლეთისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე, მნიშვნელოვანია, რომ იქნება ჩინური კომპანია. ეს გზა, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ევროპას ჩინეთთან, ეს არის წყარო, საიდანაც უნდა წამოვიდეს ტვირთები ამ დერეფანში. ამიტომ, მიკვირს, რომ ამას ვერ აცნობიერებენ ადამიანები, უფრო სწორად, ცდილობენ, ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ. მისასალმებელია, რომ დაინტერესება არის ჩინური კომპანიის მხრიდან, რომელიც ძლიერი კომპანიაა. თავისთავად, შუა დერეფანი ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.