17 მაისს შედგა სახალხო რეფერენდუმი, ვნახეთ ხალხის მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროცესი გაგრძელდება, კანონპროექტი ჯერ საკომიტეტო, შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილება.
„მიმდინარე წლის 17 აპრილს პარლამენტში შეიქმნა კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩაატარა შეხვედრები, რათა მოსახლეობასთან ერთად განგვეხილა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური პროექტი, ასევე ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში. ერთი თვის განმავლობაში კომისიამ ჩაატარა 11 შეხვედრა, მოვიცავით ყველა რეგიონი, შევხვდით 5 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს, გვქონდა დისკუსიები კანონპროექტთან დაკავშირებით და მოვისმინეთ მოსახლეობის მოსაზრება. კომისიამ თავისი მუშაობა დაასრულა 17 მაისს. იცით, რომ 17 მაისს გაიმართა დიდი სახალხო შეკრება, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახური ღირებულებების საკითხს, ოჯახური სიწმინდის დაცვის დღესასწაულს. ფაქტობრივად, ამ დღეს შედგა სახალხო რეფერენდუმი. ვნახეთ ათიათასობით ადამიანი, რომელიც გამოსული იყო რეგიონებში, ასიათასობით ადამიანი, რომელიც გამოსული იყო თბილისში და ფაქტობრივად, ოჯახის სიწმინდის დღეს შედგა სახალხო რეფერენდუმი თავად კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვნახეთ ჩვენ ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. კომისიამ ყველა მასალა გადასცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება ჯერ საკომიტეტო, შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვა. იცით, რომ სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა, სამი მეოთხედი კონსტიტუციურ ცვლილებას, ვნახოთ როგორც მოიქცევა ოპოზიცია. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისინი, ერთი მხრივ, არ აფიქსირებენ თავის პოზიციას, რადგან იციან გამოხატულად, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყოველთვის იყურებიან გარეთ და ელოდებიან სიგნალს გარედან, აქაც თავს იკავებენ პოზიციის დასახელებისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.