გამჭვირვალობის ქართული კანონი არის ყველაზე რბილი კანონი, რაც კი არსებობს მსგავსი ხასიათის კანონებისა მსოფლიოში, ამაზე დაბალი სტანდარტი გამჭვირვალობის ვალდებულებისა არ არსებობს არც ერთ სამართლებრივ სივრცეში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„კანონი ითვალისწინებს ერთადერთ ვალდებულებას მხოლოდ, რომ წელიწადში ერთხელ მოხდეს დეკლარირება ფინანსების, რასაც აკეთებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, რასაც აკეთებენ საჯარო მოხელეები. რა ხელშეუვალი კასტა გახდა ეს არასამთავრობო სექტორი, რომ მათ უნდა ჰქონდეთ პრივილეგია, იმოქმედონ ფარულად იმ მოქალაქეებისგან, რომლებსაც, თვითონ როგორც ამბობენ, წარმოადგენენ.
ამავე დროს, ის არის ასევე რბილი იმ რეაგირებაში, რაც სახელმწიფოს ექნება იმ შემთხვევაში, თუკი შესრულება არ მოხდება. ერთადერთ რამეს ითვალისწინებს კანონი, ეს არის ფინანსური ჯარიმები, სხვა არაფერი. განსხვავებით სხვა სისტემებისგან, სადაც არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, სადაც არის ორგანიზაციის ლიკვიდაცია, სადაც არის, მათ შორის, სავალდებულო ტიტრირება და წარწერა, ასე ვთქვათ. არაფერი არ არის საერთოდ ამ კანონში. ერთადერთი ვალდებულება არის წელიწადში ერთხელ დეკლარირება, ერთადერთი პასუხისმგებლობა არის ფინანსური სანქციები, ანუ ჯარიმა. სხვა არაფერი ამ კანონში არ წერია და ვერც ეწერება, სულ ექვსი გვერდია ეს კანონი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.