კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ შეიყარა ის ოპოზიცია, რომელიც, აღარ ვიცი, ამ კინოს მერამდენედ ვხედავთ, თავს გვაჩვენებს, თითქოს არიან ცალ-ცალკე, არადა სათითაოდ ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან, რომლებიც ხან დაიშლებიან და ხან შეიკრიბებიან იმისდა მიხედვით, როგორ დაულაგებენ გარედან ტაქტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მათი და სალომე ზურაბიშვილის ეს ქცევაც წამოსულია არა რაიმე შიდა პოლიტიკური მსჯელობიდან, არამედ არის ის გეგმა, რაც გარედან მისცეს, რომ ახლა უნდა გაერთიანდნენ.
„კარგია, რადგან ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა ის ფარისევლობა, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა, თითქოს სხვადასხვა პარტია იყვნენ. ხალხმა დაინახა, როგორ აყრიდნენ თვალში ნაცარს აქტორები შიგნიდან თუ გარედან და წარმოაჩენდნენ, რომ აი, სხვადასხვა პარტიები არიან და როგორი მულტიპარტიული დემოკრატია გვქონია. ხალხმა დაინახა, რომ სინამდვილეში, ჩვენ გვყავს კვლავ ერთი – „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ და გვყავს ომის პარტიები, რომლებიც ორი წელი საქართველოს ექაჩებოდნენ ომში. ამ ომში რომ ვერ შეგვიყვანეს, ამაზე გამწარებული არიან და ამიტომ აქვთ ეს რეაგირება. ეს ომის ქარტია ზუსტადაც რომ დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც სია სამარცხვინო პოლტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ, ომში ექაჩებოდნენ. სერგო ორჯონიკიძეების სია, რომლებიც მზად არიან, შემოუძღვნენ უცხო ქვეყნებს, რათა მოიპოვონ ძალაუფლება ამ ქვეყანაში. ეს არის ომის ქარტია, როგორც დარჩა შულავერის სია, ისე დარჩება ომის ქარტიის სია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.