კარგად ვიცით, რა უთხრა ამერიკის დელეგაციამ ოპოზიციას. ახლა კეკლუცობა და რაღაც ზედმეტი ინსინუაციები სრულიად ზედმეტია, მათ ამერიკისგან პირდაპირი ტექსტით მიიღეს გზავნილი, რომ დემოკრატია ნიშნავს, მათ შორის, ოპოზიციის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ინგლისურის ცოდნა-არცოდნაზე საუბარი სასაცილოა.

„თუ ინგლისური არ იციან, მაშინ რას დარბოდნენ ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში, რას უმტკიცებდნენ მათ? გზავნილი ნათელია, რამაც ახლა ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია, რადგან კარგად გვახსოვს, რა მოხდა არჩევნების შემდეგ. არჩევნების შემდეგ ოპოზიციიდან თითქმის ყველამ, ვინც ბარიერი გადალახა, ბოიკოტის გზა აირჩია. ჩვენ მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ბოიკოტი საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა. როდესაც ხმას გაძლევენ, კეთილი უნდა ინებო, პარლამენტში უნდა მიხვიდე, უნდა დაჯდე და იმუშაო იმისათვის, რომ გაამართლო ნდობა, რომელიც ამომრჩეველმა გამოგიცხადა. მათ აირჩიეს ძალადობრივი, რევოლუციის გზა. შესაბამისად, თვითონვე მოითხოვეს საკუთარი მანდატების გაუქმება, რაც ჰარაკირის ტოლფასია. ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ მათ სწორედ ეს დაემართებოდათ. ისტორიის ნებისმიერი სახელმძღვანელო რომ გადაშალოთ, ნახავთ, რომ ყველა, ვინც ბოიკოტს აცხადებს და პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, მათ შემდეგ უკვე პოლიტიკურ სცენაზე პრობლემა ექმნებათ. ამიტომ ეს მათი გადაწყვეტილებაა და მათ ვერანაირად ამ გადაწყვეტილების შეცვლაში ვერ დავეხმარებით. მატარებელმა ჩაიარა და შემდეგი არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ. იმედი მაქვს, შემდეგ არჩევნებზე იმავე შეცდომას არ დაუშვებენ, რა შეცდომაც დაუშვეს. ორი მთავარი მომენტი არსებობს – ისინი ნამდვილად ნანობენ ამ გადაწყვეტილებას. კარგად ვიცით, რომ ნანობენ არა მხოლოდ შიდა საუბრებიდან, არამედ, მათ შორის, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს ესაუბრებიან; მეორეა ურთიერთგადაბრალების პროცესი, რადგან იმას, ვინც ამ იდეის ავტორი იყო, ახლა დანარჩენები თავს ესხმიან, რომ მას დაურეკეს და სწორედ ამის ბრალია ეს ყველაფერი. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დეპუტატის არჩევანია, პარლამენტში ივლის თუ არა, მაგრამ პოლიტიკური ფასი ყველამ უნდა გადაიხადოს, რადგან ამ გადაწყვეტილებამ საქართველო და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დააზარალა. იმ ადამიანებმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ, რომლებიც საქართველოს აზარალებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.