ერთი წელზე მეტი ვემზადებოდი ამ ბლოგის დასაწერად... მხოლოდ სათაური ვიცოდი ზუსტად - ჩემი პირადი თარჯიმანი გულნარა...
დიდხანს ვატრიალე თავში ათასნაირი ლამაზი სიტყვა და რაღაც დროს ხელი ჩავიქნიე... ვორდის ფაილიც სათაურთან ერთად ჩავხურე... განა, იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი მქონდა. არა! უბრალოდ მეშინოდა... მეშინოდა იმის, რომ გულნარაზე დაწერილი სიტყვები გულნარას ვერ დაემსგავსებოდა. მეშინოდა, ზედმეტ სიტყვებში არ დამეკარგა ის ყველაზე მთავარი, რაც ჩემთვის ასეთი ძვირფასია.
სიტყვა თარჯიმანი რომ არ მოეწონოს? რამე ისე რომ ვერ ვთქვა? - ვფიქრობდი ჩემთვის...
ორი დღის წინ კი, ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაწყებას ვაპირებდი... სხვა სტატიისთვის გულნარას ამჟამინდელი რეგალიე დამჭირდა და მივწერე...
- გულო, შენი სტატუსი ახლა რა არის?
- შენთვის, ყოველთვის შენი პირადი თარჯიმანი გულნარა ...
მოწერილ პასუხს დავხედე და გული ამიჩქარდა... დაარქივებული ვორდის ფაილი ერთი წლისთავზე გავხსენი...
სიმსივნესთან ბრძოლისას, არის დღეები, როდესაც ადამიანს ექიმზე მეტად, უბრალოდ ადამიანი გჭირდება... მაშინ, როდესაც იმედი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მედიკამენტი, როცა რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე დიაგნოზი...
„ანადოლუს“ სამედიცინო ცენტრში მეოთხე წელია დავდივარ... იქ, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობია ექიმებიც, დერეფანიც, შიშსა და იმედს შორის მომზირალი სახეებიც... ყველა მიღიმის, ჩემი მკურნალი ექიმი ბულენტი მხარზე ხელს მადებს და თვალს მიკრავს ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა, ჩემი ქირურგი ქემალი მეხუტება და ხმამაღლა მეკითხება - ჰავ არ იუ თამარა...
და მე, მაინც, ყოველთვის თვალებით ვეძებ ყველაზე მშობლიურს, ყველაზე ახლობელს, ჩემი შიშნარევი დღეების ყველაზე უღალატო თანამგზავრს, ჩემს პირად თარჯიმან გულნარას...
და ამ დროს მესმის ყველაზე ძვირფასი სიტყვები - დე, ჩამოხვედი?
ვუყურებ და ისევ ის ნათელი სახე და გაბრწყინებული თვალები... თვალები, რომელიც არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან...
ბიოფსიის პასუხს ველოდებოდი... ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სიმსივნე იქნებოდა. დიაგნოზის არ მეშინოდა, ჩემი სხეულის შესაძლო გარდასახვა კი ნამდვილად ლოდად მაწვა იმ მკერდზე, საიდანაც ამოღებულ პატარა უჯრედს უნდა გადაეწყვიტა ჩემი მომავალი...
მკერდის მოკვეთა რომ გახდეს საჭირო? ქიმიოთერაპია რომ დამჭირდეს და თმა გამცვივდეს?
და მახსოვს, როგორ ვუყურებდი გულნარას თვალებში, ვცდილობდი იქ ამომეკითხა ის, რასაც ჯერ არ მეუბნებოდნენ... თქმის უფლება არც გულნარას ჰქონდა. ამიტომ დაჟინებით ვაკვირდებოდი მის თვალებს იმედის დანახვის იმედით...
იმ დღიდან, გულნარას თვალები გახდა ჩემი მთავარი მეგზური დიაგნოზსა და ექიმების კაბინეტებს შორის... ის უთარგმნიდა ექიმებს ჩემს შიშებს და საპასუხოდ მიბრუნებდა მომავლის რწმენას.
ასჯერ მიხსნიდა ერთსა და იმავე ფრაზას, კარგი პასუხების დროს ხელზე ხელს მკიდებდა და მეასედ მეუბნებოდა - ყველაფერი კარგად იქნება... სვამდა იმ კითხვებსაც, რომელსაც მე არ ვსვამდი, ისე იქცეოდა, თითქოს ამ ისტორიის უკან მისი დიაგნოზი იდგა და არა ჩემი... ასე იქცა გულნარა ხიდად შიშებსა და იმედს შორის...
ჩაინიშნა ოპერაციის დღე. ქემალის კაბინეტიდან ერთად გამოვედით... უცებ, ხელი მომკიდა და გამაჩერა: ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ორი წლის წინ, მეც ზუსტად ეგ გზა გავიარე, ქემალი საუკეთესო ქირურგია, არ შეგეშინდეს, იცოდე...
ვუსმენდი და პირველად არ შევხედე თვალებში... მის ხელს ვუყურებდი, რომელშიც ჩემი ხელი ეჭირა...
ახალ წლამდე სულ რაღაც ორი დღე რჩებოდა...გამაფრთხილეს, რომ დილის 07:00 საათზე თარჯიმანი არ მეყოლებოდა... მე მაინც თვალებით ვეძებდი. მერე, აღარაფერი მახსოვს.
თვალები რომ გავახილე, პალატაში ვიყავი. ჩემს წინ კი ქემალი და ჩემი გულნარა იდგა... ორივე იღიმოდა...
- თამო, გილოცავ, ქემალი ამბობს, რომ ეს სიმსივნე აღარასდროს დაბრუნდება უკან - ასე მითარგმნა გულნარამ სიტყვები, რომლის ფასსაც მხოლოდ ის ადამიანები გაიგებენ, ვისაც ეს გზა გამოუვლია...
არც გულნარას გზა იყო მარტივი... ჩემნაირი პაციენტი, რომლისთვისაც მისი სიტყვები ჟანგბადის ბალონივით იყო, ათასობით ჰყავდა... მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც თვალს ვერ უსწორებდა... ზოგჯერ სიმსივნე ხომ განაჩენია...
ექიმთან ვიზიტი გაიწელა, მოსაცდელში ვისხედით მე და გულო, მორიგი კვლევის პასუხების მოლოდინში... ისევ თვალებზე ვაკვირდებოდი... მიხვდა, მოტრიალდა და ამბის მოყოლა დაიწყო: იცი, ადრე, როდესაც ექიმთან შესატანად საბუთებს გვიმზადებდნენ, ვუყურებდი ხოლმე დიაგნოზებს, აქ ხომ ბევრი ქართველი ბავშვი მკურნალობს და ბოლოს მივხვდი, რომ მათზე ფიქრს ჭკუიდან გადავყავდი, ამიტომ შევწყვიტე. მეც ექიმთან ერთად ვიგებ პასუხს, როდესაც ვთარგმნი...
რაღაცნაირად შემრცხვა... იმ დღიდან შევწყვიტე თვალებში ყურება...
ყველაზე მძიმე დღეებმა ჩაიარა, გულნარა კი სამუდამოდ ჩემს გვერდით დარჩა. დღეს ის ქართული დეპარტამენტის კოორდინატორია, რომელმაც ორი დღის წინ მომწერა ის სიტყვები, როგორიც მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა..
... შენთვის, ყოველთვის პირადი თარჯიმანი, გულნარა...
პ.ს: ეს წერილი ვერასდროს იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც ჩემი გულნარაა, ამიტომ, უბრალოდ - მადლობა, გულნარა!




