ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ტაგესშაუ“ იუწყება.
მერცმა ტრამპთან ამ ოთხშაბათისთვის დაგეგმილი სატელეფონო საუბარი ბოლო მომენტში გადადო. გერმანული მედია საუბრის გადადების მიზეზად საქსონია-ანჰალტის არჩევნებში AfD-ს დამაჯერებელი გამარჯვებით ტრამპის აღფრთოვანებას ასახელებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში AfD-ს გამარჯვება მიულოცა, გერმანიის მთავრობა მისი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და პოსტი დასრულა აბრევიატურით MGGA, რაც, გერმანელთა ვარაუდით, ნიშნავს გავხადოთ გერმანია კვლავ დიდებული.
როგორც ბერლინში მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან კორნელიუსმა განაცხადა, საუბარი აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების 25-ე წლისთავს უნდა მიძღვნოდა.
პრესსმდივანმა უარი თქვა კომენტარზე ტრამპის განცხადებასა (საქსონია-ანჰალტის არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ), თუმცა, არც გადადების მიზეზი არ დაუსახელებია. კორნელიუსმა მხოლოდ აღნიშნა,რომ კანცლერმა წარსულში არაერთხელ მიუთითა აბსტრაქტული ფორმით გერმანიის შიდაპოლიტიკურ ვითარებაში ჩარევის ან კომენტარების გაკეთების, განსაკუთრებით არჩევნების დროს, მიუღებლობის შესახებ.
ტრამპის განცხადებებმა გერმანიის მთავრობის პროტესტი გამოიწვია. „ჩვენ, გერმანელები, თვითონვე ვწყვეტთ, როგორ მოვაგვაროთ მიგრაციის საკითხები და აგრეთვე ვინ ავირჩიოთ“ და „ჩვენ ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის რჩევები არ გვჭირდება“, - განაცხადა გაზეთ Tagesspiegel-თან ინტერვიუში გერმანიის მთავრობის ტრანსატლანტიკურმა კოორდინატორმა მეტინ ჰაქვერდმა. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ხელმძღვანელმა დირკ ვიზემ ასევე გამოხატა აღშფოთება: „ეს ჩარევა დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც ფედერალურ მთავრობას, ამის მოთმენა არ შეგვიძლია“.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




