საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტსა და მიმდინარე შეხვედრების მნიშვნელობას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აფასებს.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე საქართველო ოკუპაციის საკითხი განიხილეს და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადეს.
"გვქონდა საუბარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ჭრილში. ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შევთანხმდით სექტორულ თანამშრომლობაზე. გამოვხატეთ წუხილი, რომ საერთაშორისო სამართალი უფრო და უფრო მეტად ხდება თავდასხმების ობიექტი.
ამ მხრივ, საქართველო და ჩინეთი თანხმდებიან იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი პრინციპების აღიარება და ამ პრინციპების დაცვა არის მსოფლიოში წესრიგის დამყარების მთავარი ამოსავალი წერტილი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გუშინ დაიწყო. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მის ჩინელ კოლეგას და სახალხო კონგრესის წარმომადგენლებს - საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება იყო. ეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია.










