ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულ მაია კოხტაშვილს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარინა ცერცვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 ათასლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









