რა მნიშვნელობა აქვს პათოლოგიას ონკოლოგიური დაავადებების მართვისა და სწორი დიაგნოზის დასმის პროცესში? რა ფასს ვიხდით შეცდომებში, რომელიც პათოლოგ-ანატომმა ბიოფსიის აღების დროს შეიძლება დაუშვას და რისთვის არის საჭირო ე.წ “მეორე თვალი”? - პათოლოგიური ანატომიის თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციებზე “აიპრესთან” ინტერვიუში საუბრობს „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ (Anadolu Medical Center) პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰუსეინ ბალოღლუ.
ცნობილი თურქი ექიმი, პროფესორი და პათოლოგიური ანატომიის სპეციალისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ციფრულ პათოლოგიასა და მოლეკულურ დიაგნოსტიკაში. ის არის ერთ-ერთი პიონერი ციფრული პათოლოგიის (Digital Pathology) დანერგვაში. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მიკროსკოპული გამოსახულებები გაციფრულდეს და დიაგნოზი დისტანციურად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაისვას.
სანამ ინტერვიუზე გადავალთ, საინფორმაციო სააგენტო „ აიპრესის" სახელით, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ საქართველოს რეგიონის კოორდინატორს, გულნარა ვარშანიძეს. სწორედ მისი ორგანიზებით შევძელით ამ საინტერესო ინტერვიუების ჩაწერა და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებულიი თარგმანიც მას ეკუთვნის.

პროფესორი, ჰუსეინ ბალოლი. ანადოლუს სამედიცინო ცენტრის პათოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი. ჩვენი საავადმყოფოს პათოლოგიის განყოფილება წელიწადში დაახლოებით 16 000 პაციენტს ემსახურება. აქ 13 თანამშრომელი მუშაობს სრულ განაკვეთზე. ჩვენი პაციენტების დაახლოებით 70% ნეოპლასტიკური დაავადებებით, ანუ კიბოთი და კიბოსწინარე დაავადებებით, არის წარმოდგენილი. პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს უცხოელები შეადგენენ და, ამ თვალსაზრისით, ჩვენი ცენტრი წარმოადგენს რეფერალურ ცენტრს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.
რა მნიშვნელობა აქვს პათოლოგიას ონკოლოგიური დაავადებების მართვისა და სწორი დიაგნოზის დასმის პროცესში?
უპირველეს ყოვლისა, მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო პათოლოგიის მნიშვნელობას. ონკოლოგიური დაავადებების მართვა და წარმატებული შედეგების მიღწევა თითქმის ყოველთვის სწორ დიაგნოზზეა დამოკიდებული. სწორი დიაგნოზი კი იწყება ბიოფსიის სწორ ადგილას აღებით. ეს არის გუნდური მუშაობის პროცესი. ანუ, საეჭვო უბნიდან, სწორ დროს და რაც შეიძლება ადრე უნდა მოხდეს ბიოფსიის აღება, მისი სწორად დამუშავება და მიკროსკოპული შეფასება. ეს აუცილებელია პაციენტის დიაგნოზის დასაზუსტებლად. ეს პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასმის დროს. რაც უფრო ადრე და სწორად დაისმება დიაგნოზი, მით უფრო სწრაფად იწყება მკურნალობა. ეს არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ პაციენტის ფსიქოლოგიური დატვირთვის შემცირებაშიც დიდ როლს თამაშობს.
რამდენად შეცვალა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ პათოლოგიის სფერო და რა შესაძლებლობებს იძლევა ციფრული პათოლოგია დიაგნოსტიკისთვის?
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დღესდღეობით ძალიან ფართო და ეფექტურია. ცხადია, პათოლოგიაშიც მან თავისი ადგილი დაიკავა. ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი თითქმის ყოველთვის არის ქსოვილის ნიმუშების შეფასება, კერძოდ კი ჰემატოქსილინ-ეოზინით შეღებილი სლაიდების გამოკვლევა. რა თქმა უნდა, შეფასების პროცესში პაციენტის ინფორმაცია, მისი არსებული მდგომარეობა, სიმსივნეზე ეჭვი და დაავადების განვითარების შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაცემების გარეშე დიაგნოსტიკურ პროცესს არ ვიწყებთ. შესაბამისად, ციფრულ აპლიკაციებში, კერძოდ, ციფრულ პათოლოგიაში, პაციენტის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად და უშეცდომოდ წარმოდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ჰემატოქსილინ-ეოზინით შეღებილი სლაიდების შეფასებისას ჩვენ შეიძლება დავინახოთ ყველა საჭირო მონაცემი ისე, თითქოს მიკროსკოპთან ვმუშაობთ. ამ შეფასებების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სიმსივნის დიაგნოსტიკისა და დიფერენციალური დიაგნოზისთვის ვიყენებთ იმუნოჰისტოქიმიურ მეთოდებს, ანუ ვიკვლევთ იმ მოლეკულებს, რომლებიც სიმსივნის იდენტიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია. ამ კვლევების ნაწილი დიაგნოსტიკურია, ნაწილი კი მკურნალობის დაგეგმვასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების განსაზღვრა. ასევე, HER2-ის შეფასება არის მნიშვნელოვანი როგორც დიაგნოსტიკისა და პროგნოზის, ისე მიზნობრივი მკურნალობის შერჩევის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის გადაყვანა და შეფასება შესაძლებელია ციფრული პათოლოგიის ფარგლებში.
კარგად ორგანიზებული და ხარისხიანი ციფრული სლაიდები, შესაბამისი ხარისხის კონტროლის პირობებში, დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, შეიძლება სრულად საკმარისი იყოს. უკვე არსებობს სისტემები ევროპასა და ამერიკაში, სადაც ციფრული პათოლოგია დიაგნოსტიკური მიზნებისთვის ოფიციალურად გამოიყენება და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნები აქვს. ამ სისტემაზე მუშაობა შესაძლებელია და საკმაოდ ეფექტურიცაა.
ხშირად ამბობენ, რომ პათოლოგანატომის დასკვნა საბოლოოა. რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენს მიერ მიკროსკოპში დანახული ერთი უჯრედი წყვეტს პაციენტის მკურნალობის რადიკალურ კურსს?
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბევრჯერ გვინახავს და გამოგვიცდია ასეთი შემთხვევები, ეს დაძაბულობა და სტრესი, რაც თან ახლავს პასუხის გამოცხადებას, ყოველთვის ჩვენთან რჩება. პათოლოგიის სტრესი სხვა ექიმების სტრესისგან განსხვავდება, რადგან მისი გადაწყვეტილების საფუძველზე ადამიანებს შეიძლება მოკვეთონ ხელი ან ფეხი, მოკვეთონ ძუძუ, დაკარგონ შვილის ყოლის შესაძლებლობა ან, ზოგჯერ, ბავშვობის ასაკშიც კი, აღმოჩნდნენ ფილტვებში მეტასტაზებით. ამიტომ, პათოლოგიური დიაგნოზი არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა და ამ ფაქტორს აქტიურად ვიყენებთ სასწავლო პროცესშიც.
პათოლოგიის სპეციალისტად მომზადება დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენთან ყველას არ აქვს ამის უფლება. აუცილებელია, იყოს სპეციალისტი და, ამავდროულად, გამოცდილი. მისი პროფესიონალიზმი ძალიან ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ გზაზე მრავალი გამოცდა და პრაქტიკული ეტაპი უნდა ჰქონდეს გავლილი. გარდა ამისა, დოცენტის წოდების მისაღებად საჭიროა მრავალი კვლევისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მაღალი დონისა და დიდი გამოცდილების მქონე პათოლოგანატომებიც კი, განსაკუთრებით ონკოლოგიურ შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის გრძნობენ შფოთვას. ვცდილობთ, პაციენტს მაქსიმალურად დავეხმაროთ, ასე გადის ჩვენი ყოველდღიური პროფესიული ცხოვრება.
ყოფილა თუ არა თქვენს პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც შეცდომისგან პაციენტი მეორე პათოლოგის დასკვნამ იხსნა?
პირადად მე ისეთი სიტუაცია არ გამომიცდია, როცა შეცდომა დავუშვი დასკვნაში, მაგრამ რთული და საეჭვო შემთხვევები გვქონია. თუმცა, მეორე პათოლოგის დასკვნა, ანუ „მეორე თვალის“ პრინციპი, გვაძლევს იმის საშუალებას, წელიწადში დაახლოებით 8-10 პაციენტი ვიხსნათ სერიოზული შეცდომისგან. ამას ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით.
ამასთანავე, ყოველწლიურად, მსოფლიო კონგრესებსა და აშშ-ში გამართულ პათოლოგიის კონგრესებზე სპეციალური სესიებია, სადაც ექიმები გამოდიან და საკუთარ შეცდომებს თავად აღწერენ — რა შეეშალათ და რატომ. ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რათა სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს. ყოფილა ისეთი შეცდომებიც, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი მოჰყოლია.
შეგიძლიათ გაიხსენოთ კონკრეტული შემთხვევა თქვენი პრაქტიკიდან, როდესაც პათოლოგიური დიაგნოზის გადამოწმებამ მნიშვნელოვანი შეცდომა თავიდან აგაცილებინათ?
ერთ მაგალითს გავიხსენებ. მეორე კურსის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა უცხოეთიდან მოგვმართა, სადაც მას კუჭიდან ბიოფსია აუღეს და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა კიბო. ის ჩვენთან ამ ბიოფსიის მასალით მოვიდა, რომელიც შევისწავლეთ და მართლაც აღმოჩნდა, რომ ჰქონდა იშვიათი ტიპის სიმსივნე, რაც ამ ასაკში თითქმის არ გვხვდება. ლიტერატურაშიც კი თითქმის არ არის აღწერილი. ამან ეჭვი გაგვიჩინა და გადავწყვიტეთ, ხელახლა გაგვეკეთებინა ენდოსკოპია. კუჭიდან ავიღეთ ბიოფსიის ნიმუში და ახალ ნიმუშებში სიმსივნე არ აღმოჩნდა.
გასტროსკოპიულ კვლევაშიც სიმსივნე არ დადასტურდა. მაშინ ეჭვი შეგვეპარა, ეკუთვნოდა თუ არა თავდაპირველი ბიოფსიის მასალა ამ პაციენტს. ჩავატარეთ გენომური ანალიზი და შევადარეთ პაციენტის სისხლიდან აღებული მასალა მის მიერ მოწოდებულ ბიოფსიის ნიმუშს. ამის შემდეგ გაირკვა, რომ ის ბიოფსია საერთოდ არ ეკუთვნოდა ამ გოგოს.
ამ ამბავმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ასეთი შეცდომებიც ხდება ხოლმე, როდესაც ტექნიკოსი აურევს ანალიზის პასუხებს და არასწორი სახელით გადააგზავნის ან მედპერსონალი დაუშვებს შეცდომას. ასეთი რამ პრაქტიკაში ხდება. ამიტომ, პათოლოგი უნდა იყოს განსაკუთრებით ყურადღებით და აკონტროლებდეს პროცესის ყველა ეტაპს, რადგან საბოლოო დასკვნაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.
ჩვენც შეგვეძლო ამ ბიოფსიაზე დაყრდნობით გვეთქვა, რომ პაციენტს კიბო აქვს და, ასეთ შემთხვევაში, ის გოგო, შესაძლოა, მძიმე ქირურგიულ ოპერაციაზე წასულიყო და მთელი ცხოვრება ამ შეცდომის შედეგებით ეცხოვრა. ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება.
რა ვიცით დღეს სიმსივნის ბიოლოგიის შესახებ და რა როლს თამაშობს გენეტიკური და ოჯახური ფაქტორები, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს განვითარების შემთხვევაში?
სიმსივნის ბიოლოგია, სინამდვილეში, არ შეცვლილა, ანუ ვიცით რა ცვლილებები იწვევს კიბოს განვითარებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს უცნობი ნაწილებიც. ჩვენი ცოდნისა და პრაქტიკის ფარგლებში ვიცით თუ რატომ ვითარდება ძუძუს კიბო. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოჯახური ან მემკვიდრეობითი ანუ ჰერედიტარული. თუ გენეტიკური მუტაცია დადასტურებული არ არის, მაგრამ ოჯახში ხშირია შემთხვევები, ამას ვუწოდებთ ოჯახურს კიბოს. ოჯახური და ჰერედიტარული ფორმები ერთად შეადგენს ძუძუს კიბოს დაახლოებით 25-30%-ს. ანუ, ყოველუ სამი პროცენტიდან ერთში, ან გენეტიკური ცვლილებაა ან ოჯახური ისტორია.
ახდენს თუ არა ეს გავლენას სიმსივნის ქცევაზე და ცვლის თუ არა მკურნალობის პრინციპებს?
დიახ, მოლეკულურ-გენეტიკური ცვლილება გვაძლევს მკურნალობის დამატებით შესაძლებლობებს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმსივნეს უფრო აგრესიულსაც ხდის. მაგალითად, გარკვეულ გენებთან არსებული დარღვევების დროს სიმსივნე შეიძლება იყოს ოჯახური და უფრო ახალგაზრდა ასაკში გამოვლინდეს. მაგრამ, რადგან ეს ინფორმაცია ვიცით, დაავადებას შესაბამისად ვმართავთ და მკურნალობასაც ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვგეგმავთ.
შეიცვალა თუ არა კიბოს ბიოლოგია უარესობისკენ?
არა, ასეთი გაუარესება არ დაფიქსირებულა. 50 წლის წინ, ძუძუს კიბო ბევრად უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდებოდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, დღეს პაციენტთა დიდი ნაწილი გაცილებით ხანგრძლივად ცხოვრობს, ვიდრე ეს 50 წლის წინ ხდებოდა. ეს არის დროის მიერ მოტანილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი
რა გამოარჩევს ანადოლუს სამედიცინო ცენტრს ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებისა და მკურნალობის მიმართულებით?
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი კიბოს მიმართულებით ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი. მისი დაარსების დღიდანვე მთელი მისი სისტემა აწყობილია ონკოლოგიური პაციენტების მაღალი დონის მომსახურებაზე. ანადოლუს კლინიკაში არსებული აკადემიური გარემო ნამდვილად უმაღლეს დონეზეა, ისევე როგორც ცოდნისა და გამოცდილების ხარისხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური მიმართულების სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობა, ინოვაციების მუდმივი მონიტორინგი და გაზიარება.
ჩვენი მთავარი ღირებულება კი ის გახლავთ, რომ თითოეული პაციენტის საქმე განიხილება მულტიდისციპლინარულ საბჭოზე. ამ მიდგომის შედეგად მიღებული წარმატებული შედეგები გვაძლევს დიდ მოტივაციასა და კმაყოფილებას. მუდმივად ვცდილობთ, ეს მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ და, დამატებით, სიახლეებს სწრაფად ვნერგავთ სისტემაში. ამავდროულად, მკაცრად ვიცავთ პროფესიულ და ეთიკურ წესებს. რაც მთავარია, მთელი ჩვენი ენერგია მიმართულია იქითკენ, რომ პაციენტებმა თავი უკეთ იგრძნონ.








