ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, უფრო მაღალი ხელფასის საჭიროება რომ არსებობს, ამას სამინისტრო ითვალისწინებს.
„მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ახლა მიმდინარეობს მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება, მიმდინარეობს დისკუსიები, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. სამინისტროს ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საკითხებში გარკვეული წინსვლა გვქონდეს.
პრემიერ-მინისტრის უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველკვირეული ფორმატით გავდივართ რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს, მისი მხრიდან ყველანაირად არის გამოხატული მხარდაჭერა. ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი. ჩვენ გვესმის, რომ უფრო მეტი თანხა და ინვესტირებაა საჭირო“, - აღნიშნა მინისტრმა.










