ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულისა და ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლებში ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სოფელ როდინაულის ახალი სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო სრულად განახლებული ბაღდათის №1 საჯარო სკოლა 290 მოსწავლეს მიიღებს.
ორივე სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები, ასევე, ეზოები, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულისა და ბაღდათის №1 საჯარო სკოლების პროექტები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განახორციელა.










