უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ტყუილია და რუსეთი ამზადებს ნიადაგს კიევში სამთავრობო შენობებზე დარტყმების განსახორციელებლად.

„ახლა რუსებმა მოიგონეს აშკარად ყალბი ისტორია რუსი დიქტატორის რომელიმე რეზიდენციაზე რაიმე სახის დარტყმის შესახებ, რათა მათ საბაბი ჰქონდეთ უკრაინაზე დარტყმების გასაგრძელებლად, კერძოდ, კიევზე დარტყმებისთვის და ასევე ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე უარის თქმისთვის. რუსების ტიპური ტყუილის ტაქტიკა, რომლებმაც უკვე დაარტყეს კიევს, კერძოდ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს არის მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ შეაფერხოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი, ხოლო აშშ-ს მოუწოდა, შესაბამისად უპასუხოს რუსეთის მუქარას.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე იერიში სცადა და რუსეთმა უკრაინაში „საპასუხო დარტყმებისთვის“ სამიზნეები შეარჩია. მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მოსკოვის პოზიცია გადაიხედება.

თარგმანი: პირველი არხი