საქართველოს შეეძლება უკვე დღეიდან, რომ იმუშაოს და უმკურნალოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს, - ამის შესახებ ერთ-ერთი მშობელი, თამარ გოგალაძე საუბრობს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა აქციები დასრულებულია. თამარ გოგალაძე ამბობს, რომ აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და სამუშაო პროცესში გადადიან.

„ყველა ეტაპზე და ყველა შეხვედრაზე, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას. ეს ის ორი მედიკამენტია, რომლითაც უკვე მკურნალობენ პაციენტებს. შედეგები კარგია და პროცესი გრძელდება, უბრალოდ ყველაზე სწრაფად და რაც შეიძლებოდა მოკლე დროში ამ ბავშვების დახმარება დაწყებულიყო, იწყება ორი მედიკამენტით. დღეიდან, აღარ არის განხილვა - კი, თუ არა, დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ცოტა სიფრთხილე გვმართებს, რომ პროცესი არ დაზიანდეს. შესაბამისად, ჩვენი აქციები დღეს დასრულდება, აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში," - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი, თამარ გოგალაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს და მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილე თითოეულ მშობელს, კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის და ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის.