აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ჯეიმს რიშმა, დაბლოკა უნგრეთის მიერ 735 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შესყიდვა. ეს აშშ-ის პასუხია უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შეფერხებაზე. ამ ინფორმაციას The Washington Post 14 ივნისს ავრცელებს.
რიშმა გამოცემას განუცხადა, რომ უნგრეთმა შვედეთი NATO-ში უნდა შეუშვას, თუ მას სურს მიიღოს იმ შეიარაღების პაკეტი, რომელიც, მისი თქმით, მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემის 24 ბატარეას, ასევე 100-ზე მეტ რაკეტას, მასთან დაკავშირებულ ნაწილებსა და მხარდაჭერას.
მან აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირდაპირ უცხადებდა შეშფოთებას უნგრეთის მთავრობას შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა და საბოლოოდ მან გადაწყვიტა შეეჩერებინა აშშ-ის სამხედრო ტექნიკის ქვეყნისთვის მიყიდვა.
ამერიკაში იარაღის ყველა ძირითადი გაყიდვა მოითხოვს სენატისა და ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარისა და მაღალი რანგის წევრების თანხმობას, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ გამოაცხადებს გაყიდვას. რიშის პროტესტი ხელს უშლის სახელმწიფო დეპარტამენტს გაყიდვის პროცესის დაჩქარებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს იარაღის მომავალ გაყიდვებზე.
WP-ს არც უნგრეთის მთავრობის სპიკერმა უპასუხა.
უნგრეთს საჯაროდ არ გამოუთქვამს HIMARS-ის შესყიდვის სურვილი, მაგრამ უნგრულმა გამოცემა Szabad Europa-მ იანვარში თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბუდაპეშტი განიხილავს ასეთ შესყიდვას. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას უკვე აქვს მსგავსი სისტემები.