თბილისის საკრებულოს წევრმა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, მე-7 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე საქართველოს მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა მმართველ გუნდს კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტის განხორციელების საშუალებას აძლევს.
ზურაბ ჩიკვილაძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩვენს მოსახლეობას ამ უდიდესი ნდობისთვის, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც არჩევნებზე მშვიდობას მისცეს ხმა და გამოიყენეს შანსი და მესამედ აირჩიეს მერი, რომელმაც ბევრი ისეთი რეფორმა განახორციელა, რომლებსაც მანამდე ვერავინ შეეჭიდა. მადლობა კახა კალაძეს და მის გუნდს, მადლობა ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისთვის.
ამ მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე წარმოუდგენელია არ ვახსენოთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ღვაწლი. მადლობა მას ყველაფრისათვის. მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძეს.
ჩვენ დიდი გამოწვევები გვაქვს, რომლებისთვისაც მზად ვართ. მადლობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობას და მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად კიდევ ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ ამ ქალაქში“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.







