საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და ორივე კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ისიც თქვა, რომ "პოზიტიური, მესამე ცენტრი" უნდა შეიქმნას ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, რათა მათთვის არჩევანის გაკეთება უფრო გამარტივდეს. პრეზიდენტმა, ერთი მხრივ, დაასახელა „ძლიერი საქართველო“, რომელიც „ლელოს“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“, „მოქალაქეებსა“ და „თავისუფლების მოედანს“ აერთიანებს, ხოლო მეორე მხრივ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.
"ლელო-გახარიას" შეხვედრის მიუხედავად, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა "აიპრესმა" "გირჩის" ერთერთ ლიდერს, ალექსანდრე რაქვიაშვილს სთხოვა:
- როგორ აფასებთ მესამე და ახალი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის შესახებ შესახებ პრეზიდენტის პრეზიდენტის ინიციატივას და უკვე გაცხადებული სურვილის მიღმა, რა არის რეალურად სალომე ზურაბიშვილის მიზანი?
- არ ვიცი ზუსტად, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიზანი, თუმცა ის ზოგადად სწორია და მე მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ "გახარია -ლელოს" გაერთიანება ძალიან ბუნებრივად გამოიყურება. გახარიას ფული სჭირდება, მათი პოზიცები პრინციპულად არ განსხვავდება. მათი განცხადებები რომ შეადარო, დიდად ვერ გაარჩევ, რომელი გახარიასია, რომელი - "ლელოსი". ამიტომ, ძალიან ბუნებრივია, რომ კონსოლიდაცია მოხდეს, რაღაც სპეციფიკური ამომრჩევლის. ვფიქრობ, ტაქტიკურად სწორი სვლა არის და არაფერ შუაშია ის, რომ ერთმანეთს გაუწიონ კონკურენცია, მითუმეტეს, არცერთ პარტიას ამის რესურსი არ გააჩნია. ამიტომ რა მოტივიც არ უნდა ჰქონდეს, მე პრეზიდენტს მხარს ვუჭერ.
- არის თუ არა მცდელობა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პირველი ოპოზიციური პარტია, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩანაცვლდეს, სწორედ ამ გაერთიანებული პოლიტიკური ძალის მეშვეობით?
- ზოგადად გამიხარდებოდა, რომ ისეთი მრავალფეროვნება იყოს ოპოზიციაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს დომინანტური მდგომარეობა, როგორიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ გახარიას საამისო რესურსი აქვს. ალბათ, გაერთიანების შედეგად ბარიერს გადალახავენ, მაგრამ მგონი, ნამეტანი ოპტიმისტურია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აჯობებენ. თუკი, ასეთი ამბიციები აქვთ, მითუმეტეს, უნდა გაერთიანდნენ. აქ მიზანი ხომ არ არის "ნაციონალური მოძრაობას" აჯობონ. "ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაშია, ოპოზიციამ ჯამში უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. ეს არის ალბათ, მიზანი, თორემ ტექნიკურად "ნაციონალურ მოძრაობას" ვიღაცამ რომ აჯობოს და ოპოზიციამ ჯამში წააგოს, რა ხეირი.
- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციურ გაერთიანებებს არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის შედეგებზე გავლენა არ შეიძლება ჰქონდეთ?
- გააჩნია რა გაერთიანებებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, გაერთიანებები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხმებზე პარაზიტირებენ, გინდ იყვნენ, გინდ - არა. მაგალითად "ახალი ნაცები" გვარამიას პარტია საერთოდ შინაარსი არ მესმის, ჩვეულებრივად ნაცელექტორატზე მუშაობენ და არანაირი ხეირი არ არის. რომ გაერთიანდნენ "ნაცებში", სწორი იქნება. ჩვენ, მაგალითად, მრავალფეროვანი ამომრჩეველი გვყავს: "ქართული ოცნების" ყოფილი ამომრჩეველი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ დადიოდა. ჩვენ არც არასდროს განვიხილავდით გაერთიანებას, ჩვენ სპეციფიკურ ნიშას ვიკავებთ პოლიტიკაში. ზოგ შემთხვევაში, გაერთიანებას აქვს ღირებულება, ზოგს - არა აქვს. თავისთავად, რომ ვთქვათ, გაერთიანება კარგი საქმე არისო, ეს სწორი არ იქნებოდა.
- რაში მდგომარეობს თქვენი პოლიტიკური ნიშა, ან რა შედეგს ელით საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში?
- არც არასდროს განვიხილავდით ვინმესთან გაერთიანებას. უცნაურია, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები თუ ჟურნალისტები ამას ხშირად გვეკითხებოდნენ, სულ ამას ვამბობდით. სხვა პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, რომ მათ სიტყვას ღირებულება არ გააჩნია, ჩვენ არ ვიტყუებით. შეიძლება, ვიღაცას ჩვენი პოზიციები არ მოწონდეს, მაგრამ არ ვიტყუებით. შეგვიძლია ღიად ამომრჩეველს ველაპარაკოთ, კითხვებს ვპასუხობთ ცენზურის და წინასწარი მოდერაციის გარეშე. ასეთი რამ ჩვენს პოლიტიკაში არავის არ შეუძლია. ჩვენს გულწრფელობას ხედავენ ამომრჩევლები. ამიტომაც არ შეგვიძლია გავერთიანდეთ იმ ხალხთან, ვინც მარტო ტყუილებს ლაპარაკობს და სახელი აქვს გატეხილი, რომ არცერთი მათი განცხადების არავის არ სჯერა.
- ანუ მიგაჩნიათ, რომ "გირჩი" შესაძლოა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყოს "ქართული ოცნების" ყოფილი მომხრეების ფავორიტი პოლიტიკური სუბიექტი?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხრეა ბევრი ამომრჩეველი, ვინც რომელიღაც წინა არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" აძლევდა ხმას, მაგრამ ეს არის ერთადერთი მიზანი, რაც ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს. თუ "ქართულ ოცნებას" არ წაართვი ხმები, რა მნიშვნელობა აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ხმები როგორ გადანაწილდება - ორ პარტიაზე თუ ხუთ პარტიაზე? "ქართული ოცნების" ხმები უნდა წამოიღოს ოპოზიციამ - ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვისაც ეს გვესმის და ამას ვაკეთებთ. სხვები უბრალოდ ლანძღავენ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს. ჩვენ "ქოცნაცური" ამბები არ გვაინტერესებს, ჩვენ გამდიდრება გვინდა.
-რას ნიშნავს გამდიდრება გინდათ?
- გამდიდრება გვინდა, მდიდარ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, სადაც მდიდარი იქნებით თქვენც და ყველა დანარჩენი. გამდიდრებისთვის "ქოცნაცური" ჯგუფი არაფერ შუაში არ არის.
- როგორ წარმოგიდგენიათ ეს გამდიდრება?
- პარლამენტში ჩემს ბოლო გამოსვლაში სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. არის ორი გზა: პირველი, რაც უკვე ნაძარცვი აქვს მთავრობას, ხალხს დაუბრუნოს, დაწყებული სახელმწიფო საკუთრებით, დასრულებული ეროვნული ბანკის რეზერვებით. საუბარია მილიარდებზე. ეს ხალხს უნდა დაუბრუნო, თანაბრად გაუნაწილო. მეორე - ძარცვა, ნაკლები გადასახადები, ნაკლები რეგულაციები და საბოლოო ჯამში, საპენსიო ფონდი გავაუქმოთ, რაც ძარცვის ნაირსახეობაა, ინფლაცია შეამცირო. ეს არის გზა, როგორ გამდიდრდე - დაუბრუნო ხალხს ნაძარცვი და ნაკლები გაძარცვო. რაც მეტი "გირჩი" იქნება პარლამენტში, მით უფრო ნაკლები იქნება ძარცვა მთავრობის მხრიდან. ასევე სასამართლო უნდა გვქონდეს სამართლიანი, რომ დაიცვა შენი საკუთრება - ეს არის ჩვენი მიზანი. მე საერთოდ არ მაღელვებს ჩვენს რეფორმებს მომავალ პარლამენტში მხარს ვინ დაუჭერს. თუ საჭირო იქნება, "ქოცებთანაც" შევქმნით კოალიციას, "ნაცებთანაც". "ლელოებთანაც" შევქმნით, თუ ბარიერს გადალახავენ. მთავარია, ჩვენს რეფორმებს მხარი დაუჭირონ. ჩვენ ამით განვსხვავდებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, რომ არ გაგვყავს ზღვარი ადამიანებზე და პარტიის ფერებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, რისთვისაც მოვდივართ პოლიტიკაში.
- თქვენი პროგნოზით, ვინ შეძლებს ბარიერის გადალახვას არჩევნებში?
- რთულია პროგნოზირება. ამ მომენტში სულ შვიდი პარტია, ვისაც საერთოდ რაიმე პრეტენზია აქვთ ბარიერზე. აქედან "გახარიები" და "ლელოები" თუ გაერთიანდნენ, ექვსი დარჩება და ცხადია, ვიღაცა ვერ გადალახავს ბარიერს. მე საერთოდ მგონია, რომ ქართულ პოლიტიკაში სულ სამი პარტიაა: "ნაცები", "ქოცები" და ჩვენ. რეალურად ასეა, რომ შეხედოთ - გახარია "ქოცების" მოღალატე, გვარამია "ნაცების" მოღალატე, "ალტ ინფო" მგონი, ვერ გადალახავს ბარიერს და რჩება "ლელო -ხაზარაძე", რომელიც ყველა მთავრობასთან ლაგდება. სინამდვილეში, ერთადერთი განსხვავებული პარტია ჩვენ ვართ. თუ ასე დალაგდება, ბედნიერები ვიქნებით: "ნაცები", "ქოცები" და ჩვენ.
- არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში პოლიტიკური სპექტრის როგორ კონფიგურაციას ელოდებით?
- ეს სამწუხაროდ, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება მე პოლიტიკურად კარგი შედეგი მივიღო, მაგრამ ოპოზიცია დამარცხდეს, "ქართული ოცნება" პარლამენტში ერთპარტიულად დარჩეს, რაც ცუდია. შეიძლება 7 კაცი გავიყვანო, მაგრამ ოპოზიციამ ისეთი შედეგი მიიღოს, რომ ჩემი ხმები გადამწყვეტი იყოს. მე ეს უფრო მინდა, ვიდრე ის, რომ ბევრი ადამიანი იყოს და გადამწყვეტი ხმები არ გვქონდეს და შეიძლება ამის კომბინაცია, მაგრამ ეს დამოკიდებულია "ოცნებაზეც" და "ნაციონალურ მოძრაობაზეც". ახლა ვხედავთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ფული არა აქვს, კამპანიას ვერ ახორციელებს, მისი მოღალატეები გვარამიას თაოსნობით უამრავ ფულს ხარჯავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არავინ არ იცის, საიდან აქვს ფული. თუ ისინი გაერთიანდნენ, შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" ფული გაუჩნდეს და უკეთესი შედეგი დადონ. "ქართული ოცნება" რას იზამს, არ ვიცით. ბევრი ისეთი განცხადება, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, თუ ასე გააგრძელეს, არ მგონია, რომ კარგი შედეგი დადონ. ამიტომ ვეცდებით, ჩვენი შედეგი იყოს მაქსიმალური და მერე დავაკვირდებით, სხვა პარტიებს - რაც იქნება, ის იქნება.