რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით. განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის არც დაპირება და არც მინიშნება არ არის. მისი შეთავაზება მთლიანად აგებულია ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების ძველ მოთხოვნაზე. საქართველოს ხელისუფლება კი ლაპარაკობს "ქმედითი ნაბიჯების" აუცილებლობასა და შემდგომ საუბარზე რუსეთთან.
- რას ემსახურება გადაძახილები თბილისსა და მოსკოვს შორის? რა გეგმა აქვს კრემლს და როგორი იქნება "ქართული ოცნების" პასუხი - ამ და სხვა საკითხებზე "აიპრესი" კავკასიის საკითხების ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
- ასეთი ტიპის და შინაარსის განცხადებები, მე პირადად შემიძლია აღვნუსხო 1998 წლიდან. ამჟამად, შეიძლება ცოტა ტექსტია სხვაგვარი, იმიტომ რომ ახალი რეალობაა, მაგრამ შინაარსი პრაქტიკულად იგივე - რუსეთი მზად არის შუამავლის როლი იკისროს, საქართველოსა და სეპარატისტულ რეჟიმს შორის, თბილისსა და სოხუმს შორის, რათა მოაგვაროს კონფლიქტი. ეს არის, რაც ზედაპირზე დევს. ამ შემთხვევაში, მე ვიხსენებ მაგალითად პრიმაკოვის ვიზიტს თბილისში 1998 წელს და მის მაშინდელ ტექსტს. ლავროვის 28 სექტემბრის განცხადება არის ამ კონტექსტში, ოღონდ თავისი ნიუანსები აქვს. კარგა ხანია, რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება არ მოგვისმენია, მაგრამ პათოსი იგივეა, რაც წლების განმავლობაში იყო. მაინც მგონია, რომ ზოგადი და ამის უკან არის გარკვეული კულუარული კონტაქტები.
- ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სერგეი ლავროვის განცხადებას პროვოკაციული დატვირთვა აქვს?
- პროვოკაცია რისთვის სჭირდება. ერთადერთი რაც მას სჭირდება არის ის, რომ გამოაჩინოს თავისი თავი მსოფლიოს წინაშე არა როგორც კონფლიქტის მწარმოებლად, არამედ კონფლიქტის მომგვარებლადაც. ეს განცხადება უფრო ამ დატვირთვის არის, რომ ვთქვათ, მხოლოდ უკრაინას კი არ ეომება და კონფლიქტურ გარემოს კი არ ქმნის, კონფლიქტის მოგვარებისთვისაც კი არის მზად, თუკი, მისი მიდგომების რეალიზაცია მოხდება. რუსეთს მეზობლად არასოდეს არ უნდა ნატოს წევრი ქვეყნები, პირველ რიგში უკრაინა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და იმეორებს წლების განმავლობაში. მოსკოვი ძალიან ცუდად აღიქვამს იმას, რომ თავის დროზე მისცა საშუალება ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოს წევრები გამხდარიყვნენ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიუანსებს - ლავროვმა პირველ ნაწილში კი ილაპარაკა, რა კარგია რუსეთი და როგორ შეუძლია ხელი შეუწყოს კონფლიქტების მოგვარებას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იყო ნათქვამი იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ წაიღებს უკან თავის აღიარებას და არც ჯარების გაყვანას აპირებს. მარტო ლავროვში არ არის საქმე, ვილაპარაკოთ იმ განცხადებებზე რომელიც რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებმა გააკეთეს. ერთადერთი, რომელიც ჩემთვის საყურადღებო იყო, ეს არის პირველი რანგის ჩინოვნიკის, პოლოსკოვა, რომელმაც პირველად ახსენა სიტყვა "გენოციდი", რომელიც აფხაზეთის მხარემ მოუწყო ქართულ მხარეს. საჯაროდ ნათქვამი არ ნიშნავს, რომ განცხადების უკან არაფერი არ არის. როგორც ვგრძნობ, ამის უკან არის გარკვეული კონტაქტები თბილისსა და მოსკოვს შორის, ოღონდ ეს კონტაქტები რა ტიპის არის, ჩემთვის რთული სათქმელია.
- წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში, "ქართული ოცნების" მხრიდან ხშირად კეთდება განცხადებები აფხაზებსა და ოსებთან შერიგების აუცილებლობაზე, გააქტიურებულია საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში სახელისუფლებო პარტია კონფლიქტების საკითხზე საუბრის დონეზეც თავს არიდებდა. ოპოზიცია "ქართული ოცნების" "რუსეთის არგაღიზიანების" მიდგომას მის პრორუსულობას მიაწერდა, დღეს უკვე ამ თემაზე საუბარი აქტიურად დაიწყო ლავროვმა და მოყვა კომენტარები "ქართული ოცნებისგანაც"... თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?
- პირველად, ამაზე საუბარი დაიწყო არა მოსკოვმა და არა თბილისმა, არამედ აფხაზურმა ოპოზიციამ და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ყარაბახის მოვლენები განვითარდა. ყარაბახის მოვლენების შემდეგ, აფხაზური მხარის სოციალურ ქსელში და აფხაზური ოპოზიციის ტექსტებში გაჩნდა ასეთი რამ - თუ რუსეთს დასჭირდა, რუსეთი გაგვყიდის ისე როგორც გაყიდეს ყარაბახი. ეს ტექსტები ხშირად მეორდებოდა და მერე ამას დაემატა ახალი ტექსტი, რომლის ინიციატორი ზუსტად აფხაზური ოპოზიცია იყო. "აპარატ ოტელებთან" დაკავშირებული თემა როცა წამოიჭრა, იქ პირველად გაჟღერდა, რომ "აპარატ ოტელების" თემა არ არის მხოლოდ მოსკოვის ინიციირებული და მის უკან დგანან ქართველები და საქართველო. მაშინ გაჟღერდა პირველად, რომ მოსკოველი ქართველები, რომლებსაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი აქვთ, წარმოშობით არიან აფხაზეთიდან და მონაწილეობენ პროექტში, რასაც ჰქვია "აპარატ ოტელები" და იქვე გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარიც... "ისინი ყიდულობენ აფხაზეთში მიწებს, აფორმებენ "გამყიდველ" აფხაზებზე - ამას ამბობდა აფხაზური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნატალია სმირი. აფხაზურ საზოგადოებაში, ეს თემა ძალიან აქტუალური ბოლო თვეების განმავლობაში. ასე რომ პრინციპში, ყველაფერი აქედან დაიწყო და მერე მოყვა გარკვეული განცხადებები როგორც მოსკოვის, ისე თბილისის მხრიდან. იგივე ბოდიშის თემა, რომელიც ახსენეთ და ა.შ. ეს მხარეებიდან კომპლექსური მიდგომაა. ჩემი ღრმა რწმენით, კულუარებში ხდება სხვა რამ და საჯაროდ აჟღერებენ სხვა ტექტსებს.
- არის თუ არა სიმართლე ის, რაც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება?
- ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ადამიანი საჯაროდ ვერ ილაპარაკებს. რასაკვირველია, მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე შემიძლია ვთქვა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რადგან პროცესს ხელს შეუშლის. ის, რომ გარკვეული ნაბიჯები იდგმება, ამის დადასტურება შემიძლია.
- რას გულისხმობთ?
- ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ ღია პოლიტიკურ ნაბიჯებს, მე ვგულისხმობ გარკვეულ აქტივობებს, რომელიც მომავალი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის იქნება საჭირო. რამდენად ეფექტური იქნება, მსჯელობა გამიჭირდება, რადგან ბევრი კომპონენტისგან შედგება თვითონ ეს საკითხი და ყველა კომპონენტი მუშაობს თუ არა, ისიც კი არ ვიცი. ზოგადად, ნატალია სმირი იქნება, ლომია თუ სხვა, რომლებიც ამას აცხადებენ აფხაზური ოპოზიციიდან, იგივე ადგურ არძინბა, უბრალოდ კონსტანტირება შემიძლია, რომ ისინი ამაზე ლაპარაკობენ ძალიან ხშირად.
- როგორც თქვით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა ქართული გვარებიც სახელდება, იქნებ, ცოტა მეტი გვითხრათ?
- ცნობილია ჩვენთვის, რამდენიმე აფხაზური გვარი, რომლებზეც ფორმდება ეს მიწები, როგორც აფხაზური ოპოზიცია ამბობს. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ...
- შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ მთლიანობაში მიწების ყიდვა- გაფორმების პროცესი ქართული ინტერესების მატარებელია?
- პროცესი რისი მატარებელია, საბოლოო ჯამში, ცოტა ხანში ალბათ, გამოჩნდება, მაგრამ აფხაზებს რა რჯით და რატომ აკეთებენ ამას, ცოტა უცნაური კითხვაა... სამწუხაროდ, ყველა ერშია ადამიანები, რომლებიც საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე საზოგადოებრივ ინტერესებს.