„ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში შემდეგი ოთხი წელი განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესი იქნება და მეც კიდევ ერთხელ მერგო  პატივი, რომ ამ ქალაქის სამსახურში ვიყო“,  -  განცხადება ამის შესახებ  VII მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა  კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა.

"დიდი და ღირსეული პროექტები უკვე განხორციელდა ჩვენს ქალაქში, რაც იმის თქმის საბაბს მაძლევს, რომ შემდეგი ოთხი წელი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მინდა ყველას დავპირდე, რომ საკრებულოს გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მოწესრიგებული, მწვანე და განვითარებული  იყოს და უკეთესი ხვალინდელი დღე ამ ქალაქისთვის  შეუქცევადი გახდეს“,  -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

საკრებულოს წევრმა სხდომაზე  განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ერთობლივი მუშაობისათვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარტიის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, იმისათვის, რომ მომეცა საშუალება გასული ოთხი წლის განმავლობაში ამ ქალაქის სამსახურში ვმდგარიყავი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის  - გლდანის - მაჟორიტარი დეპუტატი. მადლობა გლდანის რაიონის მოსახლეობას იმ პროექტებში ჩართულობისათვის, რომლებიც  ბოლო წლების განმავლობაში ამ რაიონში განხორციელდა.

მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს, მადლობა ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს წევრებს, თანამშრომლებს, დედაქალაქის მერის მოადგილეებს,  საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, გამგეობის თანამშრომლებს“,  -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.