„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.
რა მოდელზე საუბრობს ბიძინა ივანიშილი და რამდენად არის ის კავშირში სერგეი ლავროვის განცხადებასთან, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით, არის თუ არა, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მთავარი სამიზნე რკინიგზა, რომლის გარშემო საუბრები წლების განმავლობაში პერიოდულად აქტიურდება, "აირესმა" შეკითხვებით კავკასიის საკითხთა ექსპერტს, მამუკა არეშიძეს მიმართა:
- 2012 წელს, როცა "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისა და რკინიგზის ამოქმედების თემაზე განცხადებების დონეზე ხმაური შეიქმნა და მალევე შეწყდა. 12 წლის შემდეგ, არჩევნების წინ, ეს თემა ისევ გააქტიურდა. ის რეალურად დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება ახლა ამ მიმართულებით?
- მინდა გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან შევხედოთ საკითხს. რკინიგზა რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, რომ ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი ფუნქციონირებდეს აქტიურად. როგორც გეგმაშია, ეს კორიდორი იწყება პეტერბურგიდან, კვეთს კავკასიას, აზერბაიჯანის გავლით ხვდება ირანში და შემდეგ უკვე ინდოეთისკენ იღებს გეზს. ამ მარშრუტის ამუშავება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დააბალანსოს აღმოსავლეთ - დასავლეთის კორიდორი, რომელიც გულისხმობს აბრეშუმის გზას. აზერბაიჯანი, მას შემდეგ, რაც გზაჯვარედინზე აღმოჩნდა ამ სავაჭრო გზით, გარკვეულ პოზაში დადგა. რუსეთში ასე თვლიან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ერთი შეხედვით, რუსეთს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, აზერბაიჯანი მაინც დგამს ისეთი ტიპის ნაბიჯებს, რომელიც მოსკოვის ნების მიღმაა. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის აუცილებელია, რომ ალტერნატიული მარშრუტი ჰქონდეს. რკინიგზის თემა ამიტომ არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური. ამის გარდა, ეს რკინიგზა გარკვეულწილად საჭიროა იმისთვის, რომ სომხეთის ეკონომიკა უფრო ღრმად იყოს ჩაბმული რუსეთის ეკონომიკაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ რკინიგზა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის, არის რუსეთის საკუთრება. ერევნისა და მოსკოვის ურთიერთობები ძალიან გაცივდა. თვითონ მოსკოვს აინტერესებს ამ რკინიგზის ამუშავება, რაც უკვე გითხარით. რკინიგზის თაობაზე საუბარი არცერთი წუთი არ განელებულა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ პერიოდს.
- "თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველსაყოფისთვის... დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დაგეხმაროთ" - ამ სიტყვებში სერგეი ლავროვი ალბათ. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას რკინიგზის ჩათვლით გულისხმობს?
- რასაც ლავროვი ამბობს, ცარიელი სიტყვებია და განსაზღვრულია იმ ხალხზე, ვინც საქმის კურსში ჩახედული არ არის. შინაარსობრივი თვალსაზრისით თუ ვილაპარაკებთ კონფედერაციაზე და ასეთი ტიპის პოლიტიკურ საკითხებზე, მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ ქართული მხარისთვის მიუღებელია ასეთი ტიპის მიდგომა. ასეთი პოლიტიკური ძალა და ფიგურა ამ წინადადებას არ მიიღებს, რადგან კონფედერაცია პრაქტიკულად ამ რეგიონების აღიარებას ნიშნავს. ქართულ მხარეს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა რომ გარკვეული გამოსავალი ენახა შექმნილი მდგომარეობიდან. აფხაზეთის გაყოფაზეც კი იყო ლაპარაკი. გახსოვთ ალბათ, მიხეილ სააკაშვილმაც კი განაცხადა 2010 წელს, რომ იყო შეთავაზება ოჩამჩირის აღმოსავლეთით და სამხრეთით ყოფილიყო საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და დანარჩენი რუსეთს ეკონტროლებინა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო და მისი მხრიდან მაშინაც უარი მიიღეს. შევარდნაძის დროსაც იყო შეთავაზება, მაგრამ მოსკოვი ყოველთვის იდგა ამ პოზიციას: ყველაფერი, ან არაფერი. "ყველაფერში" მაინცდამაინც არ ამბობდნენ, აფხაზეთი ჩვენი იყოსო, მაგრამ ამბობდნენ, აფხაზეთი უნდა იყოს ჩვენი კონტროლის ქვეშ და ჩვენი ჯარები განლაგებული უნდა იყოს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასე იყო 2008 წლამდე. შემდეგ კი, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს და ახლა მითუმეტეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს რუსული სამხედრო კონტინგენტი, დამოუკიდებლობას უკან ვერ წავიღებთო. ახლაც იგივეს იმეორებს ლავროვი. კონფედერაცია პლუს სამხედრო ბაზები. ქართული მხარისთვის ეს კომპლექსური მიდგომა მიუღებელია, ეს მოსკოვში იციან გადასარევად. რომ არა კულუარული კონტაქტები, რომლის არსებობას მაღალი ალბათობით ვთვლი, რომ არის, დანარჩენი არის წყლის ნაყვაა, ლაპარაკი ლაპარაკისთვის.
- საზოგადოებისთვის თვალის ახვევა და აფხაზეთის თემაზე ლაპარაკით წყლის ნაყვა ვის შეიძლება სჭირდებოდეს საქართველოში?
- აფხაზური მხარეც ხომ არსებობს? აფხაზებს ეუბნებიან, რომ თუ ჭკუით არ იქნებით, ამ ნაბიჯს გადავდგამთ.
- ანუ რუსეთი აფხაზებს აშანტაჟებს...
- დიახ! აფხაზებისთვის კონფედერაცია მიუღებელია. რაც მაგათ ბოლო დროს გაუკეთეს, ის შანტაჟზე მეტია. როგორც პატარა ბავშვები, ისე დასაჯეს, შეუწყვიტეს სოციალური დაფინანსება და დენის გადასახადი გაუზარდეს. აფხაზეთის ბრალია ეს პირველ რიგში, რადგან წლების განმავლობაში არაფერი გააკეთეს და ასე თვლიან, რომ რაც მიიღეს მათი ბრალია. მსოფლიო პოლიტიკაში შანტაჟი ერთერთი საუკეთესო იარაღია დიდი ქვეყნების მხრიდან პატარა ქვეყნების მიმართ. რომელი ქვეყანა არ აკეთებს ამას? მსხვილი მოთამაშეები ასე მოქმედებენ.
- ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებას რა კოზირი აქვს, რუსული შანტაჟის პირობებში ქვეყნის ინტერესების სასარგებლო შედეგს მიაღწიოს?
- გეოპოლირტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს გარკვეული კოზირები აქვს, ტუზკოზირი არ უჭირავს ხელში, მაგრამ ის, რომ რუსეთის მდგომარეობა მარტივი არ არის, ცხადია. სანქციები ერთი შეხედვით რუსეთის ეკონომიკას არ ანგრევს, მაგრამ ასუსტებს. ამასთან, შეზღუდვები რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ გეოპოლიტიკური მსხვილი მოთამაშის რანგში აქვეითებს. ხშირად არ ლაპარაკობენ, ხოლმე, მაგრამ რუსეთი ჩინეთის ფონზე სუსტდება. დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ვითომ ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან.
- ყოველშემთხვევაში, ამას მოწმობს მსოფლიო პოლიტიკის დიდი სახელმწიფოების ინტერესთა გადანაწილების პროცესი...
- მოკავშირეები არიან, ოღონდ უფროსი და უმცროსი ძმის რანგში. რუსეთს აქვს ჩინეთის კომპლექსი. უფროსი მუდმივად თვითონ იყო. დღეს როლები შეიცვალა, ჩინეთია უფროსი და რუსეთია - უმცროსი. ეს კრემლისთვის მნიშვნელოვანი მორალური დარტყმაა. აქედან გამომდინარე, რუსეთი ცდილობს, რომ თავისი პარიტეტული მდგომარეობა ჩინეთთან დაიბრუნოს. ამისთვის კი, საჭიროა რუსეთის ეკონომიკური წარმატებები სხვადასხვა სავაჭრო მიმართულების ამუშავება, ახლო პარტნიორობა ახალო და შორეულ აღმოსავლეთთან, მეტი დომინანტობა ევრაზიულ სივრცეში. ევროპაზე ხელი ჩაქნეული აქვს და დანარჩენი აქვს დასაკავებელი. ამიტომ მიძვრება სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, რომ არ ჩამორჩეს ჩინეთს განვითარებაში, გავლენებში. ძალიან კი გაუჭირდება რუსეთს, მაგრამ ამისკენ ილტვის.
- ასეთი სტრატეგიული ქვეყნების კონკურენციის პირობებში, რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, რის გამოც შესაძლებელი იქნება, საკუთარი სიტყვა ეთქმოდეს დიდ მოთამაშეებს შორის?
- საქართველოს აქვს ჩამკეტი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ საქართველო არ ატარებს აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებს საკუთარ ტერიტორიაზე. ხომ ხვდებით, რა დღეში ჩავარდება აზერბაიჯანი? ეს პატარა მაგალითია. ვთქვათ, საქართველომ ჩაკეტა უცებ და აღარ ატარებს ჩინურ ტვირთებს ევროპისკენ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო თვითონ დაზარალდება და განადგურდება, მაგრამ დავუშვათ.... მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ასეთი ტიპის კოზირები აქვს. სატრანსპორტო კორიდორების თვალსაზრისით, საქართველო არის მნიშვნელოვანი სივრცე, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. პატარაა, ერთი ციდაა, ვითომ არაფერი, მაგრამ თვითონ ეს სივრცეც, კასპიისა და შავ ზღვას შორის მდებარე ტერიტორიაზე პატარაა, მაგრამ საჭიროა. საზოგადოებამ სამწუხაროდ, რეალურად არ იცის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა. აქ მიდის პოლიტიკური ვაჭრობა ქვეყნის შიგნით, დავა და ჭიდაობა. სინამდვილეში ანაკლიის პორტი არის გეოპოლიტიკური საკითხი. ჩინელების აქტიურობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რუსეთისთვის საშინელი დარტყმაა. პრაქტიკულად ნოვოროსიისკის პორტი თავის ფუნქციას კარგავს და რუსები წინააღმდეგობას ვერ უწევენ. გავითვალისწინოთ, რომ ის, რაც ზედაპირზე დევს, ჩინური კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, ეს ხომ ერთგვარი ფასადია იმისა, რაც მის უკან ხდება. იქ ამერიკული თემაც არის ჩართული, ბრიტანულიც და პორტის მშენებლები სულაც ბელგიელები არიან. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებს შეფასებების ხარისხს.
- ის რომ რეალობა სხვა არის და პროპაგანდა, რომელსაც საინფორმაციო საშუალებებით ვისმენთ, არ ასახავს რეალობას. როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი აზრი კონკრეტულ საკითხებთან, თუნდაც საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართულებით, იყოს ადეკვატური?
- მსოფლიო წესრიგი დღეს არის ჩამოშლილი. არსებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც 1945 წელს შეიქმნა, აღარ არსებობს. მსოფლიო წესრიგი საერთოდ არ არსებობს, ყველა ცდილობს მზის ქვეშ რაც შეიძლება უკეთესი ადგილი დაიკავოს იმ მომენტისთვის, როცა ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობა დაიწყება, მიწიმოწიოს თავისი ყოფილი პარტნიორები, მეგობრები, მტრები... არა აქვს მნიშვნელობა და ყველა ამას იმდენად უხეშად აკეთებს რომ პოლიტიკის მთელი ჭუჭყი ამოვიდა ზედაპირზე. დაფარული პრაქტიკულად არც არაფერი არ არის, მაგრამ ამ ჭრილში, შანტაჟი, დაშინება, ორმაგი სტანდარტი, სანქციები არის დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის მოცემულობა. რაც ლავრომა ილაპარაკა ერთია, კულუარებში რაც ილაპარაკეს - მეორეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ ილაპარაკა. ვინ ვის შეხვდა, რა ძალებია ჩართული. არ ვგულისხმობ მარტო თბილისსა და მოსკოვს. ამას ყველაფერს, თავისი მნიშვნელობა აქვს.
- არსებულ მოცემულობაში, რა სახის ოპტიმისტური პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს საქართველოს სასარგებლოდ, თუნდაც იგივე კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და ეკონომიკური თვალსაზრისით?
- პროგნოზების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ პრობლემების მოგვარებამდე შესაძლებელია რამდენიმე კომპონენტის ჩამოთვლა, რა არ უნდა გაკეთდეს: პირველ რიგში, ასჯერ დაბიჯებულ ფოცხს არ უნდა დავაბიჯოთ ფეხი, არ უნდა გავიმეოროთ ადრინდელი შეცდომები; მეორე - რაც შეიძლება დიდი რესურსი უნდა იქნას ქართული მხრიდან გამოყენებული იმისთვის, რომ მომგებიანი პოზიცია შეიქმნას. ისევ გეუბნებით, პატარა ქვეყანას დიდ ქვეყანასთან ძალიან უჭირს თავისი მე-ს გატანა. ძალიან მოქნილი პოლიტიკაა საჭირო შედეგის მისაღწევად. ოქროს შუალედის პოვნა არის ძალიან რთული - ბეწვის ხიდზე გავლა ხდება. 5-6 ნაბიჯი წინასწარ უნდა იქნას გაკეთებული, მაგრამ ახლა რომ მკითხოთ, ვინ არის ამის გამკეთებლიო, მე ამაზე პასუხი არა მაქვს. პოტენციალის და რესურსების მოზიდვაა საჭირო, მათ შორის, ქართულის, რომელიც მსოფლიოშია გაფანტული. ასეთი რესურსი რომ მართლა არსებობს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არსებობს კონტაქტების და გავლენების უზარმაზარი სისტემა, რომელიც ამისთვის უნდა იქნას ამუშავებული. ამის შემდეგ უნდა მოხდეს გათვლა, რა შედეგზე უნდა გავიდეთ. ზოგ შემთხვევაში, სჯობია პროცესი და არა შედეგი. მაგალითად, ჩვენ შეგვეძლო შეგვექმნა მთელი პროცესი, აფხაზეთში რბილი ძალის მოქმედებისა, ჯერ კიდევ წლების წინ. დღეს შეიძლება სხვა პროდუქტი გვქონოდა აფხაზეთსა და ცხინვალში ცნობიერების თვალსაზრისით. მაგალითად, ქართული მხარის მიერ დემონსტრირება, რომ ის ცდილობს მშვიდობიანად მოაგვაროს ურთიერთობა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. აფხაზურ სოციალურ ქსელში, ეს თავიდან მიუღებლობას იწვევდა, დღეს უკვე დავის საგანი გახდა. ძალიან ბევრი კომპონენტი უნდა დაემთხვეს, რათა შედეგად ის მივიღოთ, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. მაგალითად, რუსეთმა ვერ უნდა მოიგოს უკრაინასთან. მე არ ვამბობ, რომ უკრაინამ უნდა მოიგოს, რადგან ეს წარმოუდგენელია, იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, მსოფლიო ეხმარება. მაინც მგონია, რომ თუ რუსეთი ვერ მოიგებს, ბევრად უფრო მეტი შანსი გვექნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ შედეგისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. თუ სწორად ვიარეთ, შეიძლება ძალიან კარგი შედეგი დადგეს, თუ არადა რა მდგომარეობაშიც აქამდე ვართ, ასევე დავრჩებით.