ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციური პოლიტიკოსები, ასევე ფინანსთა სამინისტრო, სკეპტიკურად არიან განწყობილნი აზარტული თამაშების გადასახადის შემცირების კანონპროექტისადმი და ვარაუდობენ, რომ კანონპროექტით მისი მომხრეების მიერ გაცხადებული შედეგები ვერ მიიღწევა.
კანონპროექტის ავტორები, „რეფორმების პარტია“ და „ესტონეთი 200“, ამტკიცებენ, რომ აზარტული თამაშების გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს მეტი აზარტული თამაშების კომპანიის ტალინსა და ესტონეთში გადატანას, რაც გამოიწვევს საგადასახადო შემოსავლების ზრდას.
რიიგიკოგუს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კორობეინიკმა (ესტონეთის ცენტრისტული პარტია, პარტიის თავმჯდომარეა საქართველოში დაბადებული ლაური ლაატსი), ცინიკური უწოდა უცხოური კომპანიებისთვის გადასახადების შემცირების განხილვას იმ დროს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობისთვის გადასახადები იზრდება.
„ზოგადი სურათის გათვალისწინებით, ესტონეთი ამჟამად კონკურენტუნარიანია ამ საგადასახადო განაკვეთის თვალსაზრისით. ინვესტორები, სექტორის მიუხედავად, ძირითადად სტაბილურ და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე არიან ორიენტირებულნი და ბოლო წლების პოლიტიკამ ნამდვილად არ შეუწყო ხელი ამას“, - თქვა კორობეინიკმა.
ეს ნიშნავს, რომ გადასახადის შემოღებით საგადასახადო შემოსავლები შეიძლება არ გაიზარდოს.
ფინანსთა სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილე ეველინ ლიივამიგი ასევე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება არათუ არ გაზრდის საგადასახადო შემოსავლებს, არამედ მათ შემცირებასაც კი გამოიწვევს .
„ჩვენი შეფასებით, საგადასახადო შემოსავლები, სავარაუდოდ, შემცირდება. სახელმწიფო ბიუჯეტის სტრატეგიაში ამჟამად პროგნოზირებული თანხის შესაგროვებლად, ბაზარზე ყოველწლიურად მინიმუმ 10 ახალი ოპერატორის შემოსვლა იქნება საჭირო, რომლებიც იმავე რაოდენობის გადასახადებს გადაიხდიან, რასაც საშუალო აზარტული თამაშების ოპერატორი“, - თქვა ლიივამაგიმ.
ლიივამაგმა ასევე აღნიშნა დამატებითი ტვირთი, რომელსაც გადასახადის ცვლილება მოიტანს.
„გადასახადის განაკვეთის შემცირების კანონპროექტთან ერთად, რიიგიკოგუ ასევე განიხილავს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც გააძლიერებს აზარტული თამაშების ოპერატორების ზედამხედველობას“, - თქვა ლიივამაგიმ. ამიტომ, გადასახადის განაკვეთის ცვლილება დამატებით ტვირთს შეუქმნის ესტონეთის საგადასახადო და საბაჟო საბჭოს (ETCB) და ფინანსური დაზვერვის სამსახურს.
სამშაბათს, რიიგიკოგუმ პირველი მოსმენით მიიღო აზარტული თამაშების გადასახადის შესახებ კანონში შესწორება, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი წლისთვის დაგეგმილი აზარტული თამაშების გადასახადის 7%-მდე გაზრდა შეაჩეროს და არსებული განაკვეთი თანდათანობით შეამციროს. კანონპროექტის თანახმად, აზარტული თამაშების გადასახადის განაკვეთი 2029 წლისთვის 6%-დან 4%-მდე შემცირდება.
ამ შეღავათის მიზანია ესტონეთში მეტი დისტანციური აზარტული თამაშების ოპერატორის მოზიდვა, ხოლო კანონპროექტის მხარდამჭერების მიერ პროგნოზირებული საგადასახადო შემოსავლების ზრდა კულტურისა და სპორტის დაფინანსებას მოხმარდება.
„თუ გადასახადს კიდევ უფრო გავზრდით, დისტანციური აზარტული თამაშების ოპერატორებმა შესაძლოა ესტონეთის ბაზარი დატოვონ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტის პროგნოზული მაჩვენებლები შეიძლება შემცირდეს. ბევრი რამ შეიძლება არასწორად წავიდეს და ორ წელიწადში ჩვენ ისევ იქ დავბრუნდებით, სადაც ესტონეთი ყოველთვის იყო - დაახლოებით ხუთი პროცენტი. ჩვენი მიზანია ოთხი პროცენტი, რათა სექტორს სიგნალი მიეცეს, რომ ესტონეთი კვლავ ყურადღებას იმსახურებს“, - თქვა პარლამენტის წევრმა ტანელ ტეინმა („ესტონეთი 200“), რომელიც ასევე ფინანსთა კომიტეტის წევრია.
ფინანსთა სამინისტროს რისკების შეფასების თანახმად, ონლაინ აზარტული თამაშები ფულის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის სფეროა, თანაც გასათვალისწინებელია, როს ეს ხდება იმ დროს, როდესაც მთლიანობაში ფულის გათეთრების მასშტაბები იზრდება.
ცნობისთვის ესტონეთის „რეფორმების პარტია“ და „ესტონეთი 200“ ესტონეთის მმართველ კოალიციაში შედიან. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, არის „რეფორმების პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ევროკომისიაში მისი კანდიდატურის წარდგენამდე იყო. კაია კალასის მამა, სიიმ კალასი, 1986-1989 წლებში ესტონეთის კომუნისტური პარტიის გაზეთის, „რაჰვა ჰიალის“ („ხალხის ხმა“) მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. 1994 წელს მან რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დააფუძნა „რეფორმების პარტია“. 1995-2003 წლებში იყო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, 2014-2014 წლებში კი ევროკომისარი. 2024 წელს განაცხადა რიიგიკოგუდან გასვლის (სადაც ის დეპუტატი იყო 2019 წლიდან) და პოლიტიკის წასვლის შესახებ.
2018 წლიდან პარტია „ესტონეთი 200-ის“ წევრი, 2023-2024 წლებში კი მისი თავმჯდომარე იყო ესტონეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაკჰნა. 2024 წელს ცაჰკნა ესტონეთიდან ევროპარლამენტის არჩევნებში იყრიდა კენჭს, მაგრამ მხოლოდ 1416 ხმა მიიღო და არ აირჩიეს.