"როდესაც ჩემი ძმა საპყრობილეში იყო გამოკეტილი და დახმარებაზე ბევრმა უარი გვითხრა, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა შიო (იმ დროისთვის მოსაყდრე-მიტროპოლიტი) ერთ-ერთი იმ მცირედთაგანი იყო, ვინც თანადგომა და ნუგეში გამოხატა", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდადებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:
"აქამდე ბევრს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს პოსტი, რადგან არ მინდოდა ჩემს გულწრფელ მადლიერებას შიდა წრეებში ზიანი მოეტანა და ზედმეტი სირთულეები შეექმნა მოსაყდრისთვის, რადგან ვინც მაშინ სამართლიანად ამოიღო ხმა, დაისაჯა ან გააჩუმეს... თუმცა, დღეს შეიძლება უკვე ითქვას.
როდესაც ჩემი ძმა საპყრობილეში იყო გამოკეტილი და დახმარებაზე ბევრმა უარი გვითხრა, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა შიო (იმ დროისთვის მოსაყდრე-მიტროპოლიტი) ერთ-ერთი იმ მცირედთაგანი იყო, ვინც თანადგომა და ნუგეში გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მანამდე საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, ის მაინც შევიდა საპყრობილეში ჩემს ძმასთან და პირადად გაამხნევა, მე კი უმძიმეს წუთებში მიმიღო და გვერდით დამიდგა. მას ეს ღიად და საჯარო განცხადებებით არ გაუკეთებია, თუმცა მისი ჩუმი, გულწრფელი საქმე და ადამიანობა ჩვენთვის მრავლისმთქმელი იყო.
დღეს ჩემს ძმასთან მიმართებაში სამართლიანობა აღსასრულებელია. მჯერა და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ისე, როგორც მაშინ — ყოველგვარი პირადი ინტერესის გარეშე გამოიჩინა ადამიანობა, ახლაც, თავისი ახალი, უმაღლესი მისიით, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა იქნება ჩემი ძმის საქმის სამართლიანი, მართლმკვეთელი განმხილველი.
ვულოცავ მის უწმიდესობასა და უნეტარესობას საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებას. უფალი იყოს მისი მფარველი ამ უმძიმეს გზაზე!"- წერს თორნიკე მამალაძე.









