უარი ყველაფერს, რაც მაოხრებელი რუსეთიდან მოდის! - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდადედბული და შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ავრცელებს:
"რამდენიმე დღეა ფსევდო სასულიერო პირთაგან ვისმენ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის ძაგებას, თითქოსდა მათ ცვლილება შეიტანეს წმ. ილია მართლისეულ ტრიადაში. ახალგაზრდებმა თქვეს "მამული, ენა, ერთობა" ანუ თითქოს უარყვეს "სარწმუნოება" და ეს აღქმულ იქნა მართმადიდებლობის მტრობად, ღმერთისაგან განდგომად. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძემ თავისი ტრიადა გიორგი მერჩულესეულ თეზისზე - " ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების,რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის......" და ა.შ. ჩამოაყალიბა, რომელსაც მოყვა " ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" (პატრიარქ. ილია II),
ხოლო GEN Z-ის თაობის მიერ წარმოთქმული " მამული, ენა, ერთობა"
საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში მერჩულესეულ, ჭავჭავაძისეულ და, გნებავთ, პატრიარქისეულ თეზისებთან, უპირველეს ყოვლისა კი, სახარებისეულთან. (
მართმადიდებლობის "გულმხურვალე დამცველების" საყურადღებოდ! უფალი ბრძანებს: "სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის."( მათეს სახარება XVIII თავი, 20 მუხ.) ანუ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა (ჩვენი სარწმუნოება) სწორედაც რომ ერთობაა! ამიტომ ფსევდო მართლმადიდებლობა და პოპულიზმით გამსჭვალული ეკლესიის დამცველობა სხვა არაფერია თუ არა ცრუ სწავლება და მომავალი თაობის დაბრკოლება. დამბრკოლებელთათვი კი უფალი ბრძანებს: " უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან". ( მარკოზის სახარებს IX თავი, 42 მუხ.).
მხნეობას ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას! უარი ყველაფერს, რაც მაოხრებელი რუსეთიდან მოდის!
ძალა ერთობაშია! " - ნათქვამია განცხადებაში.