უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც ტულუზის ჩრდილოეთით, კასტელჟინესისა და სენტ-ალბანის რაიონებში შხამიან გველს ეძებენ, თუმცა — უშედეგოდ. გასული სამშაბათიდან მოყოლებული, სამაშველო სამსახურები აქტიურად ცდილობენ სათვალიანი კობრას პოვნას, რომელიც მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა.
დაძაბული უქმეების შემდეგ, ზემო გარონის (Haute-Garonne) პრეფექტურამ კვირა საღამოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვითარება „ეტაპობრივად უბრუნდება ნორმალურ კალაპოტს“. თუმცა, რა მოხდა რეალურად? რა ეტაპზეა ძებნის ოპერაცია და როგორია ვითარება კასტელჟინესში? 20 Minutes დეტალებს აჯამებს.
რა მოხდა კასტელჟინესში?
მოულოდნელი განგაში სამშაბათს, 12 მაისს, ნაშუადღევს გამოცხადდა. კასტელჟინესის მერიამ საფრთხე სერიოზულად აღიქვა მას შემდეგ, რაც გრანდ-რივიერის რაიონში მყოფმა ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მუნიციპალიტეტს ინფორმაცია მიაწოდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ქვეწარმავლის ფოტოს გადაღებაც კი მოახერხა, როდესაც ის დამუშავებული მინდვრის პირას, მაღალ ბალახში იმყოფებოდა. ფოტოების ანალიზით დადგინდა, რომ ეს ნამდვილად ეგზოტიკური ჯიშის კობრა იყო, რომლის ტერიტორიაზე ყოფნაც დადასტურებულია, თუმცა წარმომავლობა, ჯერჯერობით, სრულიად უცნობია.
ხუთშაბათს საღამოს, კიდევ ერთმა ადამიანმა შენიშნა ქვეწარმავალი, რაც ადასტურებს, რომ ის კვლავ კასტელჟინესისა და სენტ-ალბანის შემოგარენში გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, პრეფექტურის ცნობით, კვირა საღამოსთვის ვერც ქვეწარმავლის და ვერც მისი მფლობელის კვალს ვერ მიაგნეს.
რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები?
ადგილზე მობილიზებულია მსხვილი სამძებრო ძალები. უქმე დღეების განმავლობაში, ტერიტორიას დეტალურად ჩხრეკდა 50-მდე ადამიანი, მათ შორის ჟანდარმები, სპეციალიზებული მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები. პირველ დღეებში კომუნის თავზე დრონებიც დაფრინავდნენ, თუმცა — უშედეგოდ.
ცხოველის დასაჭერად ტერიტორიაზე ოცამდე სპეციალური მახე და მიწაზე ლითონის ფირფიტები განათავსეს. ეს უკანასკნელი კობრას მისაზიდად არის გათვლილი, ვინაიდან გრილი ამინდების გამო, რომელიც მის გადაადგილებას აფერხებს, ქვეწარმავალი აქტიურად ეძებს სითბოს წყაროს.




