დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს.

 როგორც თორნიკე მამალაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მეუფე პეტრესთან პირად საუბრებში ბიძინა ივანიშვილი აფიქსირებდა აზრს, რომ სჯეროდა დეკანოლის უდანაშაულობის, მაშინ, თორნიკე მამალაძე სვამს კითხვას, რატომ ჰყავდათ 7 წელი პატიმრობაში.

თორნიკე მამალაძე ასევე მოუწოდებს, მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის კახა კალაძეს და თეა წულუკიანს, ბოდიში მოიხადონ დეკანოზისა და მისი ოჯახის წინაშე, გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.

"თუ უდანაშაულობის სჯეროდა, მაშინ 7 წელი რატომ იჯდა. გამოვიდეს თვითონ ივანიშვილი, ხომ არის უკვე საჯარო პოლიტიკაში, რატომ იჯდა, რისთვის იჯდა? არავის დასჯა ჩვენ არ გვინდა, გამოვიდეს საზოგადოებას უთხრას, დაიწყონ იმდროინდელი კვირიკაშვილით, მინიმუმ, ბოდიში მოიხადოს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. დღევანდელი მოქმედი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი, კულტურის მინისტრი და ა.შ. მინიმუმ, ბოდიში მოიხადონ, რომ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება, ჩემი ძმის და ჩემი ოჯახის წინაშე ბოდიში მოიხადონ. 

თავად ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს და თქვას, რომ ვის არ მოსვლია შეცდომა - გამოვიდნენ და აღიარონ, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, რაღაც შეცდომა დაუშვეს და ამ შეცდომის გამო მოუწია 7 წელი ჯდომა. ქრისტიანობიდან გამომდინარე, ჩემი ძმა ყველას აპატიებს, ოღონდ ეს აღიარება დაიდოს,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.